დაათვალიერეთ ნინო გაფრინდაშვილის მიერ თექით შექმნილი პორტრეტები

თექით შექმნილი პორტრეტები

ნინო გაფრინდაშვილმა 46 წლის ასაკში საკუთარ თავში ხელოვანი აღმოაჩინა და თექაზე მუშაობა დაიწყო. ტექნიკა დამოუკიდებლად შეისწავლა და ისეთ შედეგს მიაღწია, რომ მისი ნამუშევრები გულგრილს არავის ტოვებს.

– ქალბატონო ნინო, როგორ დაიწყეთ თექაზე მუშაობა 46 წლის ასაკში, რა გახდა თქვენი ინსპირაცია?
–ხელოვნების მიმართ ინტერესი ყოველთვის მქონდა. ძალიან მიზიდავდა ფერწერული ნამუშევრების დათვალიერება და იმავდროულად, მინდოდა, მე თვითონაც შემექმნა რამე. თექის შესახებ სრულიად შემთხვევით შევიტყვე. კონკრეტულად, ნათესავთან ვნახე თექით შესრულებული აქსესუარები და ძალიან მომეწონა, იმდენად, რომ გადავწყვიტე, თვითონაც მეცადა. საბედნიეროდ, მეხერხება ასეთი რამეები, ცოტა ხატვის ნიჭიც მაქვს და ესეც დამეხმარა. შევიძინე საჭირო მასალები, ტექნიკის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში მოვიძიე, ამ საინტერესო მიმდინარეობას კარგად გავეცანი და მუშაობა დავიწყე.

ჩემი პირველი ნამუშევარი კატა იყო, რომელიც დღემდე შენახული მაქვს. ის რომ გავაკეთე, ჩემი თავი ძალიან მაგარი მეგონა (იცინის). ამ ნამუშევარს ჩემთვის სიმბოლური დატვირთვა აქვს. თუ მას დღევანდელ ნამუშევრებს შევადარებთ, ძალიან დიდ სხვაობას დავინახავთ. სიმართლე გითხრათ, შედარებაც არ შეიძლება (იცინის). ჩემი ნამუშევრები გამოცდილებამ ძალიან დახვეწა. დროსთან ერთად ბევრი რამ ვისწავლე, რაღაცებში ჩემი ფანტაზიაც მეხმარება. შედეგად მივიღეთ ის ნამუშევრები, რომელიც ახლა მაქვს წარმოდგენილი. მერე საკუთარი შესაძლებლობები პორტრეტებში ვცადე და პირველი ჩემი შვილის პორტრეტი შევასრულე.

– როგორია თქვენი მუშაობის პროცესი? 

–მუშაობის პროცესი ყოველთვის ერთმანეთისგან განსხვავებულია. მასალად მხოლოდ მირინოსს ვიყენებ. თითოეული ნამუშევარი ინდივიდუალურია თავისი სირთულითა და ემოციით, აქედან გამომდინარე განსხვავებულია მასზე მუშაობაში გატარებული დროც. ეს ჩემი ყოველდღიურობა, ერთგვარი რელაქსი და განტვირთვაა.

–იმ ემოციების შესახებ მოგვიყევით, რომლებსაც თქვენი ნამუშევრების ხილვა იწვევს და სასიამოვნო კომპლიმენტებიც გავიხსენოთ, რომელიც ნაცნობებისგან თუ უცნობებისგან მიგიღიათ.

– კომპლიმენტი ყოველთვის გვიბიძგებს მეტი სირთულისკენ. სოციალურ ქსელში სურათს რომ დავდებ, ძალიან დიდი მოწონებები აქვს ხოლმე. ყოველთვის განსაკუთრებით მაინტერესებს პროფესიონალების შეფასება. პროფესიონალი რომ შეგაქებს, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, შეგეძლოს საკუთარი შეცდომების გამოსწორებაც. უფრო ხშირად კომპლიმენტებს ვხვდები, ვიდრე შენიშვნებს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე ის შენიშვნები ბევრად უფრო მაინტერესებს.

– ყიდით ნამუშევრებს ან თუ გაგიჩუქებიათ და თუ ასეა, არ გიჭირთ ხოლმე მათი გასხვისება?

– ბევრ შეკვეთას ვიღებ და დიახ, უამრავი ნამუშევარი მაქვს გაყიდული, უფრო მეტი კი – გაჩუქებული. ნამდვილად არ მიჭირს შელევა, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს ნამუშევრებს საიმედო მეპატრონეები ჰყავთ. წყარო