,,ჩვენ დღეს ერთ პატარა ნაბიჯს ვდგამთ აფხაზეთისკენ, აფხაზებო, ჩვენ უნდა შევრიგდეთ" - ნინო სურგულაძე

ნინო სურგულაძე

ჩვენ უნდა შევრიგდეთ, ჩვენ თქვენს გარეშე ვერ წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყანა, ჩვენ უნდა გავმთლიანდეთ და ასე ერთად უნდა შევიდეთ ევროპულ ოჯახში, - ასე მიმართა ქართველმა მეცოსოპრანომ, ფონდ "ნატვრის ხის" დამფუძნებელმა ნინო სურგულაძემ აფხაზებს საქველმოქმედო კონცერტიდან. 

"ძალიან ბედნიერი ვარ, პირველი ემოცია ეს არის, რომ გხედავთ ქართველებო და მოგესალმებით, თბილისიდან მოგესალმებით აფხაზებო, ჩვენო დებო და ძმებო, დღეს ჩვენთვის, ქართველებისთვის არის ძალიან მძიმე, ტკივილით აღსავსე დღე, მაგრამ დღევანდელი დღის ტკივილს გაანათებს ჩვენი სიკეთით, სიყვარულით გამსჭვალული საღამო, რომელსაც ჩვენ ვუძღვნით ომის შვილებს, ესენი არიან აფხაზეთის ომის მსხვერპლი ოჯახების ბავშვები და ასევე უკრაინელი ბავშვები, დღევანდელი საღამო მათ ეძღვნებათ.

ჩვენც ომის შვილები ვართ, ჩვენი თაობა და ჩვენ ზუსტად ვიცით, რა ტკივილს განიცდის ახლა უკრაინელი ხალხი, ბავშვები და მათი ოჯახები.

მე მივესალმები ასევე ჩვენს გალელ ქართველებს, რომლებიც იქ, გალში ინარჩუნებენ თავიანთ ქართველობას, ინარჩუნებენ ჩვენს ენას.

აფხაზო დებო და ძმებო, მოგმართავთ, შევრიგდეთ, სწორედ დღეს გესაუბრებით ამის შესახებ, როდესაც ჩვენ გვაქვს გლოვის დღე. დიახ, ჩვენ უნდა შევრიგდეთ, ჩვენ თქვენს გარეშე ვერ წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყანა, ჩვენ უნდა გავმთლიანდეთ და ასე ერთად უნდა შევიდეთ ევროპულ ოჯახში.

ჩვენ დღეს ერთ პატარა ნაბიჯს ვდგამთ აფხაზეთისკენ, ჩვენი დებისკენ და ძმებისკენ, გვიყვარხართ," - მიმართა ნინო სურგულაძემ აფხაზებს.

ოპერისა და ბალეტის თეატრში საქველმოქმედო გალა-კონცერტი გაიმართა.