30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
1785352414
პედიატრი ინგა მამუჩიშვილი ბავშვების ქცევების ზედმეტად შეფასების ტენდენციაზე წერს და მშობლებს მოუწოდებს, ყველა განსხვავებულობა პრობლემად არ აღიქვან.
მისი თქმით, ბავშვობა მრავალფეროვანია და თითოეულ ბავშვს განვითარების საკუთარი ტემპი აქვს.
„დღეს ბავშვების სათამაშო სივრცეებში (ბავშვებთან ერთად ვიმყოფები ერთ-ერთ კურორტზე) ერთ უცნაურ ტენდენციას ვამჩნევ… თითქოს, ბავშვებს გადამეტებით ვაკვირდებით და დიაგნოზებს ვსვამთ.
ზოგი - ვიღაცისთვის ზედმეტად ცელქია, ვიღაცისთვის მეტისმეტად ჩუმი. ერთი ჯერ კიდევ კარგად ვერ ლაპარაკობს, მეორე ბევრს დარბის, მესამე უცხოებს არ ეკონტაქტება, მეოთხე მშობელს არ სცილდება… და ხშირად ამ ყველაფერს მაშინვე „პრობლემის“ იარლიყი ედება.
ჩურჩულებენ ერთმანეთთან მშობლები - იმ ბავშვს აუტისტური სპექტრი აქვს, იმას - ADHD და ასე შემდეგ... ნამეტანი ხომ არ მოგვდის???
დაგვავიწყდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ - ბავშვობა მრავალფეროვანია.
ყველა ბავშვი ერთნაირი ტემპით არ ვითარდება. არსებობენ ცელქი ბავშვები, მშვიდი ბავშვები, მორცხვი ბავშვები, ლიდერები, დამკვირვებლები, ბავშვები, რომლებიც ადრე იწყებენ საუბარს და ისეთებიც, რომლებიც ამას ცოტა მოგვიანებით ახერხებენ. ეს განსხვავებულობა, უმეტეს შემთხვევაში, განვითარების ბუნებრივი ნაწილია და არა დაავადება.
რა თქმა უნდა, არსებობს ნიშნები, რომლებიც სპეციალისტის შეფასებას საჭიროებს, მაგრამ ყოველი განსხვავებული ქცევის პათოლოგიად აღქმა არც ბავშვს ეხმარება და არც მშობელს. პირიქით, აჩენს ზედმეტ შფოთვას, რომელიც შემდეგ თავად ბავშვებზეც გადადის.
მოდი, ბავშვები ნაკლებად შევაფასოთ კრიტიკით და უფრო მეტად დავაკვირდეთ სიყვარულით. ყველა პატარა ინდივიდია, თავისი ტემპით, ხასიათითა და უნიკალური გზით. ბავშვობა არ არის გამოცდა, სადაც ყველა ერთსა და იმავე დღეს უნდა მივიდეს ფინიშამდე.
ყველა განსხვავებულობა გადახრა არ არის. ზოგჯერ ეს უბრალოდ ბავშვობაა“, - წერს პედიატრი.