„ჩემთვის არაფერი მინდა, ბავშვის კვებაში დამეხმარეთ, რამე დაავადება არ გაუჩნდეს“- ძალადობის მსხვერპლი ქალი დახმარებას ითხოვს

ბავშვი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში მცხოვრები 37 წლის მარტოხელა დედა საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

ნინო ზაალიშვილი, რომელიც მეუღლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო, გარკვეული დროის განმავლობაში, დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ცხოვრობდა.

თავშესაფარი მან ნოემბერში დატოვა და ახლა წლინახევრის შვილთან ერთად, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ნინოს შემოსავალი თვეში მხოლოდ მეორე ჯგუფის ინვალიდობისათვის დანიშნული 80 ლარიანი პენსიაა.

„მეუღლისგან ვიყავი ძალადობის მსხვერპლი და არავითარი კონტაქტი აღარ გვაქვს. სადაც ახლა ვცხოვრობ, ბინის ქირას მერია იხდის, მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ და 80 ლარს ვიღებ ამისთვის. სათნოების სახლის ულუფაც გვაქვს, მაგრამ წლინახევრის ბავშვის სრულფასოვანი კვება, ასე შეუძლებელია“,- ამბობს ნინო ზაალიშვილი.

მარტოხელა დედას დამხმარე არავინ ჰყავს, არ აქვს საყოფაცხოვრებო ნივთები და ბუნებრივი გაზი, რის გამოც საჭმელს შეშის ღუმელზე ამზადებს.

„არავითარი საყოფაცხოვრებო პირობები არ მაქვს, სარეცხს ხელით ვრეცხავ, საჭმელს ღუმელზე ვაკეთებ, გაზი არ მაქვს, მხოლოდ დენი გვაქვს. ჩემი მდგომარეობის შესაბამისი არც სამსახურია, თორემ ვიმუშავებდი. ბავშვის კვებას და მოვლას სხვაგვარი შესაძლებლობა უნდა, ამის საშუალება კი არ არის. ახლახანს მომანიჭეს სოციალურად დაუცველის სტატუსი, მაგრამ ჯერ დახმარებას ვერ ავიღებ“,- ამბობს ზაალიშვილი.

მარტოხელა დედა, დახმარებას მხოლოდ ბავშვის სრულფასოვანი კვებისა და მოვლისათვის ითხოვს.

„ჩემთვის არაფერი მინდა. მიუხედავად იმისა, რომ არაფერი მაქვს, ამაზე არც ვფიქრობ. საზოგადოებას ვთხოვ, ბავშვის სრულფასოვან კვებასა და მოვლაში დამეხმაროს. ბავშვი თუ ვერ გამოვკვებე, ათასნაირი დაავადება შეიძლება გაუჩნდეს და რა მეშველება მაშინ. კიდევ ვამბობ, ჩემთვის არაფერი მინდა, ოღონდ ჩემი შვილის ნორმალური კვება შევძლო“,- ამბობს ქალბატონი.