ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სახეობების აღდგენის მიზნით 100 ფრთა კაკაბი და 100 ფრთა გნოლი ველურ ბუნებაში გაუშვეს

გნოლი

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, სახეობების აღდგენისა და პოპულაციების გაძლიერების მიზნით, 100 ფრთა კაკაბი და 100 ფრთა გნოლი ველურ ბუნებაში გაუშვეს.

კაკაბი და გნოლი საქართველოს ველური ბუნებისთვის დამახასიათებელი ფრინველთა სახეობებია. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მათი ბინადრობისა და გამრავლებისთვის შესაბამისი ბუნებრივი გარემოა.

სახეობების აღდგენა და კონსერვაცია დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინაციით, ამ მიმართულებით არაერთი პროექტი ხორციელდება, რომელთა მიზანი იშვიათი და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების შენარჩუნება და მათი ბუნებრივი პოპულაციების გაძლიერებაა.

სახეობების პოპულაციების აღდგენისა და გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, მსგავსი ღონისძიებები მიმდინარე პერიოდში განხორციელდა ალგეთის, თბილისის, მარიამჯვრის, კოლხეთისა და ტანას დაცულ ტერიტორიებზეც.

ფრინველები აღნიშნულ დაცულ ტერიტორიებს საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ გადასცა. ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი წლებია აფინანსებენ უნიკალური ფრინველთა სახეობების გამრავლებასა და შემდგომ მათ ველურ ბუნებაში დაბრუნებას.

ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ინიციატივითა და დაფინანსებით, საქართველოს ველურ ბუნებაში უკვე რამდენიმე ათასი ხოხობი, კაკაბი და გნოლი არის დაბრუნებული.

✕