„Booking.com-ით მილიონობით მომხმარებელს საქართველოს ულამაზეს ქვეყანას გავაცნობთ“ - კაროლინ ვერმეულენი

ტურიზმი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში, ITB Berlin 2026-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი.

Booking.com-ის კომერციული სპეციალისტი, კაროლინ ვერმეულენი, აცხადებს, რომ საერთაშორისო გამოფენის ფარლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გუნდთან საერთაშორისო პლატფორმის მეშვეობით საქართველოში ვიზიტორების რაოდენობის ზრდის შესაძლებლობები განიხილეს.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა საქართველოს გუნდთან Booking.com-ზე სარეკლამო გადაწყვეტილებების შესახებ. ახლახან დავიწყეთ ეს კამპანია და ვგეგმავთ იმ სტუმრებს მივწვდეთ, რომლებიც Booking.com-ის საშუალებით ეძებენ დასვენების ადგილებს,, რაც მილიონობით ადამიანს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ ჩვენ განვიხილავთ კრეატიულ კამპანიებსა და სტრატეგიებს, რათა მეტი ადამიანი მოვიზიდოთ საქართველოს ულამაზეს ქვეყანაში“, - აღნიშნა Booking.com-ის წარმომადგენელმა, კაროლინ ვერმეულენმა.
 
ITB Berlin 2026-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, სამი დღის განმავლობაში,  ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 200-ზე მეტი  შეხვედრა გამართა საერთაშორისო ტურისტული სააგენტოების, მედია ორგანიზაციებისა და  PR კომპანიების წარმომადგენლებთან, მათ შორის Aviareps, BBC, National Geographic,  Wanderlust, Lonely Planet, Thinkstrawberries, TUI, Conde Nast Traveler და ა.შ. 
 
ITB Berlin-ის გამოფენა საქართველოს ტურიზმის სექტორს საშუალებას აძლევს, კერძო და საჯარო პარტნიორებთან ერთად, ახალი ბაზრების ათვისებასა და მაღალი ხარისხის ტურისტული პროდუქტების განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას.

გერმანია საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია. 2025 წელს გერმანიიდან საქართველოში 83,656 საერთაშორისო მოგზაური ჩამოვიდა, რაც 2024 წელთან შედარებით 6.4%-ით მეტი იყო.  ავიამიმოსვლას უზრუნველყოფს Georgian Airways, Lufthansa და Wizz Air, ფრენები კი კვირაში 19 სიხშირით სრულდება