„ბევრი მოზარდი ვიცი, რომელიც აპირებს, როგორც კი სრულწლოვანი გახდება, სახელი გადაიკეთოს...“ - რის შესახებ საუბრობს ფსიქოლოგი

მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, რა მნიშვნელობა აქვს სახელს, რა პრობლემები შეიძლება უცნაურმა სახელმა ადამიანს შეუქმნას და რატომ განსაზღვრავს კონკრეტული სახელი პიროვნების იდენტობასა და თვისებებს.

"ის, თუ რა სახელს ატარებთ თქვენ, გასნაზღვრავს თქვენს იდენტობასა და პიროვნულ თვისებებს", - ამბობს მარინა კაჭარავა.

არის სახელები, რომლებიც ბავშვებს განსაკუთრებულ დისკომფორტს უქმნის. თუ ეს ადამიანი გამორჩეული, ნიჭიერია და თავად შექმნის ეპოქას, მაშინ სახელიც ყურისთვის უფრო მისაღები და გასაგები ხდება. სახელს თავად ადამიანი ალამაზებს. სხვა შემთხვევაში, ადამიანებს უცნაური სახელების ტარება ძალიან უჭირთ. მახსოვს, ზიმლიტრისენიე იყო სახელად. როდესაც ჰკითხეს, თუ რატომ დაარქვეს ეს სახელი, თქვა, რომ კამბოჯაში ზიმლიტრისენიე იყო მაშინო. ასეთი უცნაური წინაპირობებიც აქვს ზოგიერთ სახელს. ველოდი, არველოდი, მახარე - ესეც რაღაც შინაარსის მატარებელია. როდესაც სახელზეა უსიამოვნება და ვერ თანხმდებიან, თუ რა დაარქვან ბავშვს, შეიძლება, ადამიანს გადაუწყვეტელობის მანერა მთელი ცხოვრება გაჰყვეს, რაღაცას ვერ წყვეტდეს, ვერ იგებდეს, რა ქნას, საით წავიდეს. რა თქმა უნდა, აქ გაცნობიერებაა მთავარი.