1791570985
აუდიო ჩანაწერი, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა, სავარაუდო კორუფციულ დანაშაულს ასახავს - საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ერთხმად ჩამოაშორა
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ განიხილა საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობიდან აცილების საკითხი და ის გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების პროცესს ერთხმად ჩამოაშორა.
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ლიცენზიის გაცემის სანაცვლოდ, შპს "ბიტექს ჩეინჯის" ხელმძღვანელისგან ბიზნესის წილს ითხოვს. აუდიო ჩანაწერი, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა, სავარაუდო კორუფციულ დანაშაულს ასახავს. ყეინიშვილი ამ თანამდებობაზე სალომე ზურაბიშვილის კვოტით დაინიშნა. 2023 წელს, სწორედ ექსპრეზიდენტმა წარუდგინა პარლამენტს საბჭოს წევრად მისი კანდიდატურა. მაშინ ზურაბიშვილი ამტკიცებდა, რომ მიზანი ეროვნულ ბანკში მანკიერი პრაქტიკის ლუსტრაცია იყო. ყეინიშვილმა კი ეროვნულ ბანკში ხელი სავარაუდოდ არალეგალურ საქმიანობას მიჰყო და მანკიერი პრაქტიკის ლუსტრაციის მაგალითი თავად გახდა.
სწორედ ეს აუდიო ჩანაწერი დაურთო "ბიტექსტ ჯგუფის" ხელმძღვანელობამ საჩივარს, რომელიც ყეინიშვილის წინააღმდეგ ეროვნულ ბანკში შევიდა. გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ სებმა საქმე დეტალურად მოიკვლია. გამოვლინდა, რომ გამოკვეთილი გარემოებები ეროვნული ბანკის კომპეტენციას სცილდებოდა, უწყებამ საქართველოს პროკურატურას მიმართა. "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს არ აქვს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება. ამავდროულად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს და მისი ოჯახის წევრებს არა აქვთ უფლება, იყვნენ საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის, ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის პარტნიორი. უკვე დაიწყო გამოძიება 337-ე მუხლით, რაც სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს.
სალომე ზურაბიშვილის ხელდასმული საბჭოს წევრისგან, სავარაუდო არალეგალური საქმიანობა, არ გაჰკვირვებიათ მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი გადაწყვეტილებებს არაკომპეტენტურად იღებდა.
ვიდრე ნანა ყეინიშვილი მართლმსაჯულების წინაშე წარდგება, კითხვებზე კონკრეტულ პასუხს სალომე ზურაბიშვილისგან ითხოვს ოპოზიციაც. "ნაციონალურ მოძრაობა" ექსპრეზიდენტს დღეს ღიად დაუპირისპირდა. სააკაშვილის პარტიაში ამბობენ, რომ ზურაბიშვილმა ყეინიშვილის კორუფციისადმი მიდრეკილების შესახებ მაშინაც იცოდა, როცა ის კანდიდატად შეარჩია. გახარიას პარტიაში კი აინტერესებთ, რატომ წარადგინა 2023 წელს მაშინდელმა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტობის პერიოდში შეუსაბამო ქმედებებით სალომე ზურაბიშვილმა თავი არაერთგზის გამოიჩინა. მისი პროტეჟე ნანა ყეინიშვილის შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობა კი ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია.
გამოძიება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის მხრიდან, შესაძლო კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის შესახებ ინტენსიურად გრძელდება. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, თავად ნანა ყეინიშვილი "კურიერის" სატელეფონო ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს.










