დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
რუსო ხაჩიძე ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტების რიცხვშია. თუმცა შტატებში ცხოვრებამდე, თხუთმეტი წელი რადიო „იმედის“ გაყიდვებისა და მარკეტინგის წამყვანი სპეციალისტი გახლდათ. ბოლო წლებში კი სარეკლამო სააგენტო „მაგი მედიას“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ჩაიბარა.
რუსო იმ კატეგორიის ადამიანთა ნაწილში აღმოჩნდა, რომლებმაც პანდემიის დროს გაჩენილი იდეა საქმედ აქციეს და ცხოვრების ახალ, აქამდე უცნობ რელსებზე გადავიდნენ.
ემიგრაციაში მცხოვრებმა უკეთ იცის, რა სტკივა საკუთარი ქვეყნიდან შორს მყოფ ადამიანს. სამშობლოში მიღებულ მრავალწლიან გამოცდილებას უკვალოდ არ ჩაუვლია და ნიჭიერმა ქართველმა ისეთი პროექტი მოიფიქრა, რომლითაც ქართველ ემიგრანტთა დაინტერესება გამოიწვია.
ამაზე „პრაიმტაიმის“ მკითხველი თვითონ იდეის ავტორისგან შეიტყობს.
რუსო ხაჩიძე: ამერიკაში პირველად 2017 წელს სამოგზაუროდ ჩამოვედი. მეორე გამომგზავრება მომდევნო წელს იყო. 2019 წელს კი, სამი კვირით რომ ჩამოვედი, პანდემიის გამო, ამერიკაში დარჩენა მომიხდა.
პანდემიის დროს ბევრმა ადამიანმა ისეთი რამ გააკეთა, რაზედაც მანამდე არ უფიქრია. დავიწყე დაკვირვება, რა ესაჭიროებოდა ქვეყნიდან შორს მყოფ ადამიანს, რა ენატრებოდა და რა სურდა ყველაზე მეტად.
მოულოდნელად განსაკუთრებული სამკაულის მოფიქრების იდეა მოვიდა. მინდოდა მათთვის შემექმნა ისეთი რამ, რაც დანახვისთანავე ყველაზე ძვირფასს მოაგონებდათ. სწორედ ასე შეიქმნა - "MY LAND" - ოქროს გულსაბნევი ბრილიანტებით. პროექტის ინსპირაცია ჩემი ქვეყანა და ხალხი იყო. ამ საჩუქრით ყველა თავის წილ სამშობლოს გულით ატარებს. იგი არაჩვეულებრივი ნივთია უცხოლებისთვისაც, რადგან თავადვე ახდენს ჩვენი ქვეყნის პრეზენტაციას.
რადგან ყველაზე ძვირფასზე მქონდა გათვლა, ჩავთვალე რომ მხოლოდ ოქროსგან უნდა დამზადებულიყო ეს ნივთი. პროექტის სლოგანიც აქედან მოდის: "ატარე შენი ხმელეთი" - MY LAND - by Rus.
იდეა, როგორც საჭიროება ისე წარმოიშვა, თუმცა მოთხოვნიდან გამომდინარე, დავრწმუნდი, რომ იგი წარმატებული ბიზნეს სტარტაპად იქცა. ყელსაბამის პირველი ვერსია როცა დავამზადე, ჯერ ჩემს ფეისბუქგვერდზე გამოვაქვეყნე. ამან ძალიან დიდი გამოხმაურება და ინტერესი გამოიწვია. მწერდნენ არა მხოლოდ ამერიკაში მცხოვრები ქართველები, არამედ მთელი მსოფლიოდან - იტალიიდან, საბერძნეთიდან... სხვადასხვა ლოკაციიდან მიკვეთდნენ სამკაულს. მიხარია, რომ პანდემიის დროს ჩანაფიქმა იდეამ ზუსტად გამოხატა ემიგრანტების განცდები.
ამჟამად, პროექტი დიდი პოპულარობით სარგებლობს. დღეს ჩემი განსაკუთრებული საჩუქარი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში იგზავნება სხვადასხვა ემიგრანტებთან და მას გულით ატარებენ ჩვენს სამშობლოზე შეყვარებული ადამიანები.
“MY LAND”- ის გულსაკიდები საქართველოშიც მოთხოვნადი გახდა, ამის მიზეზი კი ალბათ ჩვენივე რეალობაა. გვინდა ყველასთვის დანახვისთანავე ნათელი იყოს, რომ ჩვენ საქართველოდან მოვდივართ.
კოლექციის ერთი ხაზი მიეძღვნა ოკუპირებულ ტერიტორებს და ბრილიანტის თვლით იმ ადგილს ვნიშნავთ, საიდანაც დამკვეთი იძულებით არის გადაადგილებული.
„MY LAND “- ახლა უკვე საქართველოში იწყებს კამპანიის აქტიურ წარმოებას სახელწოდებით: "აჩუქე შენს მეგობარ ემიგრანტს საკუთარი ხმელეთი". თითქმის ყველა ოჯახს ერთი მეგობარი მაინც ჰყავს ემიგრაციაში, რომლისთვისაც ეს საჩუქარი განსაკუთრებული დატვირთვით იქნება.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, პროექტის ფარგლებში, იგეგმება არაერთი შემეცნებითი ღონისძიება. დღეს ეს პროექტი კიდევ უფრო მოთხოვნადი უკრაინის ფორმით გახდა, მიზეზი, ცხადია, ყველასთვის ნათელი იქნება.
მარიტა დამენია წარმატებული გოგონაა, რომელიც უკვე წლებია შტატებში ემიგრირებულია და თავისი კომპანია „მადეთარტი"-თ ქართველი მხატვრების გამოფენებს საკმაოდ ხშირად მართავს.
ახლაც ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, 3-9 ოქტომბერს, ჩატარდა არაჩვეულებრივი გამოფენა, რომელშიც ბევრმა ქართველმა მხატვარმა და შემოქმედმა, მათ შორის, მეც და ჩემმა დისშვილმაც მივიღეთ მომაწილეობა.
თემატიკის აქტუალობიდან გამომდინარე, მარიტამ იცოდა, რომ ჩემს სამკაულს ძალიან კარგი გამოხმაურება ექნებოდა, შესაბამისად, როცა ეს იდეა შემომთავაზა - მაშინვე დავთანხმდი.
გარდა სამკაულებისა, ჩემი ძირითადი საქმიანობა, ამერიკაში, არის ქართულ ენაში ბავშვების მომზადება. მყავს ოცამდე მოსწავლე. ეს პროცესი ძალიან მომწონს, ვთვლი, რომ უცხო მიწაზე მცხოვრები ბავშვისთვის მშობლიური ენის სწავლება, ძალიან საპასუხისმგებლო მისიაა.
ქართველი ემიგრანტების ცხოვრება ამერიკაში სხვადასხვანაირია. დამოკიდებულია იმაზე, ვინ რა მიზნებით არის ჩამოსული და როგორ აწყობს საკუთარ ცხოვრებას. თუ დახვდება გულშემატკივარი ამ უცხო მიწაზე, რომელიც დაეხმარება პირველი რთული ნაბიჯების გადადგმაში, ხომ კარგი. ზოგი სტრესულ სიტუაციაშია, ზოგი მარტივად უმკლავდება აქ არსებულ სირთულეს, ზოგს კი ძალიან უჭირს. მე მადლობას ვუხდი გულშემატკივრობისთვის ოჯახს, რომელმაც დიდი დახმარება გამიწია.
ფაქტი ერთია - უცხო ქვეყანაში ადაპტირება თავიდანვე არაა ისეთი იოლი, როგორც საქართველოდან ჩანს. თუმცა მაინც ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენი ოცნებების მასშტაბზე. რისკი ოცნებების ასრულებად უნდა ღირდეს!