აშშ-ში ქართული ღვინის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, „ნიუ იორკ თაიმსის“ ვებგვერდზე ქართული ღვინის სარეკლამო ბანერების სლაიდშოუ განთავსდა

ღვინო

ღვინის ეროვნული სააგენტო ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის ცნობადობის ზრდის კამპანიას აქტიურად აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში, პრესტიჟული გამოცემის „ნიუ იორკ თაიმსის“ (The New York Times) ოფიციალურ ვებგვერდზე, რომელსაც კვირის განმავლობაში, საშუალოდ, 100 მლნ მომხმარებელი ჰყავს, ქართული ღვინის სარეკლამო ბანერების სლაიდშოუ განთავსდა.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც 2013 წლიდან ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდას.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია ერთ მლნ ლიტრზე მეტი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 58 პროცენტით აღემატება.

„აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის კამპანიის ფარგლებში, მიმდინარე წლის შემოდგომაზე განხორციელდა ამერიკელი ღვინის პროფესიონალებისა და ჟურნალისტების საქართველოში ვიზიტები; ქალაქ ნიუ იორკში ორი კვირის განმავლობაში 25 სარეკლამო აბრაზე (ლაითბოქსი) განთავსებული იყო ქართული ღვინის სარეკლამო ბანერები; ქალაქ ნიუ იორკში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენაც „გრანდ თეისტინგი“ ჩატარდა; გაგრძელდა თანამშრომლობა პრესტიჟულ ამერიკულ ღვინის გამოცემასთან Wine Enthusiast და სხვა მედიასაშუალებებთან.

აღსანიშნავია, 2023 წელს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით განხორციელებული სარეკლამო კამპანია და თანამშრომლობა ისეთ გავლენიან მედიასაშუალებებთან, როგორიც არის CBS და CNN, რამაც 2023 წლის ბოლოს და 2024 წლის განვლილი პერიოდში აშშ-ში ქართული ღვინის გაყიდვების უპრეცენდენტო ზრდა განაპირობა“,  – აღნიშნავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას ღვინის ეროვნულ სააგენტო უმსხვილეს ამერიკულ მარკეტინგულ კომპანიასთან Colangelo&Partners თანამშრომლობით ახორციელებს.