„არიან ადამიანები, კვალს რომ ტოვებენ გულში სამუდამოდ...“ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ეთერ მელქაძე

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. უნივერსიტეტი ფრანგული ენისა და ლიტერატურის პროგრამის ყოფილ ხელმძღვანელს, ეთერ მელქაძეს ემშვიდობება.

„არიან ადამიანები, კვალს რომ ტოვებენ გულში სამუდამოდ, მოვლენ ისე, თავისით შენ გულამდე, შეაღებენ კარს და დარჩებიან, არა, იძულებით კი არა, ისე, სიყვარულით, არ მიხურავ კარს და გყავს გულში, გამოუხატავი სიყვარულით... ჩვენთვის ასეთი ადამიანი ქალბატონი ეთერ მელქაძე იყო.

ჯერ კიდევ უნივერსიტეტის შექმნის პირველი დღეებიდან, შორიდანაც და შემდეგ თანამშრომლობის დროს მუდამ გვერდში მდგომი. თქვენ იყავით უცხოური ენების კათედრებთან ჩვენი ელჩი და შუამავალი. დასაწყისში ბევრი დახმარება და ჩვენი - დამწყები კოლეგების ზრდა თქვენი კონტაქტების საშუალებით წყდებოდა. მერე ერთადაც ვიმუშავეთ. გვიყვარდით, გვიყვარხართ თქვენი ენთუზიაზმის, საქმისადმი ერთგულებისა და კოლეგიალობის გამო. უთბილესი მოგონებები დაგვრჩა და თანავუგრძნობთ თქვენს ახლობლებს, ვიზიარებთ მათ მწუხარებას.

თქვენი კოლეგების, ყოფილი სტუდენტების გულში თქვენი ხსოვნა მარად დარჩება“, - ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.