არაგვის ხიდზე სატვირთოების მოძრაობა ერთი მიმართულებით დროებით ალტერნატიულ მარშრუტზე გადაერთვება

არაგვის ხიდი

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე არსებულ ხიდზე, პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტომობილების მოძრაობა დროებით ალტერნატიულ მარშრუტზე გადაერთვება.

აღნიშნულ მონაკვეთზე, განსაკუთრებით სეზონურად, ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობა ფიქსირდება. მაღალი დატვირთვის პირობებში ხიდის სავალ ნაწილზე დროთა განმავლობაში წარმოიქმნება დაზიანებები, რომელთა აღმოფხვრაც პერიოდულ შეკეთებას საჭიროებს. მსგავსი სამუშაოების ჩატარება მოძრაობის ნაწილობრივ შეზღუდვას და შესაბამისად, სატრანსპორტო ნაკადის შეფერხებას იწვევს.

მსგავსი სამუშაოების საჭიროებისა და მოძრაობის შესაძლო შეფერხებების პრევენციის მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტოტრანსპორტი დროებით ალტერნატიული მარშრუტით გადაადგილდეს.

მიმდინარე წლის 12 აგვისტოს ღამის 12 (00:00) საათიდან, სატვირთო ავტოტრანსპორტი ისარგებლებს ნარეკვავი–მცხეთა–ზაჰესის მარშრუტით.

აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით სატვირთო ავტომობილების მოძრაობა არსებული რეჟიმით გაგრძელდება. მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის კი ხიდზე მოძრაობა ორივე მიმართულებით თავისუფალი იქნება და გადაადგილება არსებული რეჟიმით, 60 კმ/სთ სიჩქარით გაგრძელდება.

მდინარე არაგვზე არსებული ხიდი 70-იან წლებში აშენდა და მისი ფუნქციონირებისთვის რეგულარულად ტარდება საჭირო აღდგენითი სამუშაოები. მოძრაობის მზარდი ინტენსივობის გათვალისწინებით, დეპარტამენტმა წინასწარ მიიღო გადაწყვეტილება არსებული ხიდის პარალელურად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიდის მშენებლობის შესახებ.

ახალი ხიდის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და მისი ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელს იგეგმება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მძღოლებს, გადაადგილების დაგეგმვისას გაითვალისწინონ მოძრაობის დროებითი სქემა.