„არაჩვეულებრივი გამოფენა,“ „შერეკილები,“ „ცისფერი მთები“ - ტრაგიკომიკური კინოს ქართველი ლეგენდა და მისი კინო ეპოქა - ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა

ელდარ შენგელაია

ფრაზები, რომელიც ქართველი ერის გენეტიკური კოდის ნაწილად იქცა, მან პირველმა შეიმუშავა იგავური კინო ენა, რომელიც საბოლოოდ, ქართული კინოს ერთ-ერთ მთავარ მიმდინარეობად ჩამოყალიბდა, უტყუარი ალღო, რომელმაც ქართველი ხალხის გულისთქმა ყველაზე უკეთ გამოხატა. ელდარ შენგელია - რეჟისორი, რომელმაც დროისა და სივრცის საზღვრები გაარღვია.

ელდარ შენგელაია 1933 წელს ხელოვანების ოჯახში დაიბადა. დედა კინო-ლეგენდა - ნატო ვაჩნაძე მთელი ცხოვრება კამერის წინ იდგა, მამა კი, ნიკოლოზ შენგელაია, კამერის უკან - ასე გაიზარდა კინოსამყაროში და მოგვიანებით, საკუთარი თავი მაყურებლის წინაშე არაერთი შედევრით უკვდავყო.

ფილმებს იღებდა იმ დროს, როცა სიმართლის თქმის ყველას ეშინოდა, შექმნა სამყარო, სადაც "შერეკილები" თავისუფლების მაძიებლები იყვნენ. საბჭოთა ხელისუფლებამ მალევე აღმოაჩინა, რომ კინოსურათში რაღაც უფრო სერიოზული იმალებოდა, ამიტომ ფილმის პრემიერა დიდი ხნით შეაჩერა.

საბჭოთა ცენზურას ვერ გაუძლო "ცისფერმა მთებმა," რომელიც 29 წლის შემდეგ, ყველაზე პრესტიჟულმა კინოფესტივალმა მსოფლიო კლასიკად აღიარა. შედევრი ალეგორიული კომედიითაა გაჯერებული, მისი ქვეტექსტი კი ყველა ეროვნების ადამიანებისთვის გახდა გასაგები.

როგორც მისი მეგობრები იხსენებენ, ის არ იყო დროის შვილი, ის იყო დროის მსაჯული. ის არ ამხელდა, მაგრამ ყველასთვის გასაგები იყო. არ ქმნიდა გმირებს, მაგრამ პერსონაჟებში ყოველთვის პოულობდა თავისუფლებისთვის ბრძოლის უნარს.

"რუსთავი 2-ის" არქივი უნიკალურ კადრებს ინახავს, სადაც ელდარ შენგელაია ერთ-ერთ ბოლო ფილმზე მუშაობს, კითხვაზე - იცის თუ არა, რომ მან ადამიანების მეხსიერებაში სამუდამოდ დაიკავა ადგილი, არ პასუხობს, თუმცა ერთი რამ სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში ზუსტად იცოდა...