Apple-ის დამფუძნებლის გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა - ვინ იყო სტივ ჯობსი

სტივ ჯობსი

ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენის, Apple-ის თანადამფუძნებლის გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა. 

გარდა კომპანია „ეფლის“ შექმნისა, მის სახელს უკავშირდება ანიმაციური სტუდია პიქსარი და ასევე ერთ-ერთი პირველი სმარტფონის გამოგონება.

სტივენ პოლ ჯობსი 1955 წლის 24 თებერვალს, სან-ფრანცისკოში დაიბადა. ორეგონ რიდის კოლეჯში გატარებული ერთი სემესტრის შემდეგ სწავლა მიატოვა და კალიფორნიას დაუბრუნდა. სწორედ აქ, ავტოფარეხში, კოლეჯიდან გარიცხულ მეგობართან, სტივენ ვოზნიაკთან ერთად Apple-ის პირველი კომპიუტერი შექმნა.

ფოტოები: SEPIA

წყვილის შემდეგი კომპიუტერი კომპანიის პირველ ჰიტად იქცა, რომელსაც სულ მალე „მაკინტოშიც” მოჰყვა. მას შემდეგ სტივ ჯობსს საზოგადოებისთვის რევოლუციური შეთავაზებები არ მოუკლია: ჯერ iPod, შემდეგ – iPhone, ცოტა მოგვიანებით კი – iPad. 

წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ჯობსს ბევრი სირთულე შეხვდა, მიუხედავად ამისა, მან მოახერხა და კომპანია „ეფლის“ მსოფლიო ბრენდად გადაქცევა მოახერხა.

ჩემი მისია მარტივი იყო, მინდოდა შემექმნა კომპანია, სადაც დასაქმებული ადამიანების მოტივაცია კარგი პროდუქტის შექმნა იქნებოდა“, – განაცხადა მან გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ვალტერ ისააკსონთან ინტერვიუში (ბიოგრაფიული წიგნი „სტივ ჯობსი“).

როდესაც 17 წლის ვიყავი, ერთი ციტატა წავიკითხე, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: „თუკი ყოველ დღეს ისე იცხოვრებ, თითქოს ეს შენი ბოლო დღეა, ერთ დღეს ის მართლაც ბოლო აღმოჩნდება“. ამ ფრაზამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მას შემდეგ 33 წელია, ყოველ დილით სარკეში ვიყურები და ჩემს თავს ვეკითხები, დღეს რომ ჩემი უკანასკნელი დღე იყოს, გავაკეთებდი თუ არა იმას, რის გაკეთებასაც დღეს ვაპირებ? როდესაც პასუხი რამდენიმე დღის განმავლობაში უარყოფითია, ვხვდები, რომ რაღაც უნდა შევცვალო“.

გარდაცვალებამდე რვა წლით ადრე სტივ ჯობსს პანკრეასის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და სამიდან ექვს თვემდე სიცოცხლის ვადა მისცეს. როგორც სემუელ ჯონსონმა თქვა, გონების ფოკუსირებას მოახლოებულ სიკვდილზე უკეთ ვერაფერი ახდენს. ამ რვა წელიწადში ჯობსმა თითქმის სასწაული მოახდინა.

„სიკვდილის მოახლოებაზე ფიქრი დიდი გადაწყვეტილებების მიღების ყველაზე კარგი ინსტრუმენტი აღმოჩნდა. გარე ფაქტორების მოლოდინი, სიამაყე, წარუმატებლობისა და სიძნელეების შიში – ეს ყველაფერი სიკვდილთან შედარებით ძალიან უმნიშვნელო გახდა, დარჩა მხოლოდ ის, რაც მართლა ფასეულია. მოახლოებულ სიკვდილზე მუდმივი ფიქრი უმნიშვნელო დანაკარგებზე დარდს გამორიცხავს. შენ უკვე შიშველი ხარ. აღარ გაქვს მიზეზი, რომელიც გადაგათქმევინებს საკუთარი გულის კარნახს მიჰყვე“, – ეს სტივ ჯობსმა დიაგნოზის დასმიდან ერთი წლის შემდეგ, სტენფორდის უნივერსიტეტში განაცხადა.

შემდეგი შვიდი წლის განმავლობაში ჯობსს წუთი არ დაუკარგავს, ამ შვიდ წელიწადში მან შეძლო Apple მსოფლიოს პირველ ტექნოლოგიურ კომპანიად ექცია.

თანამშრომლების კონტროლის გამო სტივ ჯობსს ხშირად აკრიტიკებდნენ და პერფექციონისტს უწოდებდნენ. იგი ითხოვდა მაქსიმუმს არა მხოლოდ საკუთარი თავისგან, არამედ ყველა თანამშრომლისგან. იგი მომხმარებელზე მეტად ენდობოდა საკუთარ თავს და Apple -ის ჯგუფს, და თითქმის არასოდეს ცდებოდა.

2004 წლიდან ჯობსმა ჯანმრთელობის გამო სამჯერ შეწყვიტა მუშაობა. როდესაც 2009 წელს იმავე მიზეზით მეორედ დატოვა სამსახური, ჯოან ლაპინი, „ფორბსის“ ჟურნალისტი წერდა: „ყველამ, ვინც iPhone -სა და iPod -ს გავუსინჯეთ გემო, უნდა ვილოცოთ მისთვის. იქნებ ჩვენმა მონდომებამ დაუბრუნოს მას ჯანმრთელობა და მან კვლავ შეძლოს გაგვიზიაროს მომავლის თავისი ხედვა“.

მაშინ სტივ ჯობსმა არა მხოლოდ დაბრუნება, მისთვის მლოცველი მომხმარებლის iPad -ით გაკვირვებაც შეძლო. როდესაც 2011 წლის აგვისტოში ჯანმრთელობის გამო მესამედ შეწყვიტა მუშაობა, მის დაბრუნებას მომხმარებელი კიდევ უფრო მეტად ელოდა.

სამწუხაროდ, სტივ ჯობსმა ამჯერად დაბრუნება ვერ შეძლო. 2011 წლის 5 ოქტომბერი ჯობსისთვის მართლაც უკანასკნელი დღე აღმოჩნდა. 56 წლის კუჭის კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა. 

Apple -ის ერთგულ მომხმარებლებს მან კითხვა დაუტოვა: გარდაიცვალა სტივ ჯობსი თუ გარდაიცვალა Apple?