ანდრია ჯაღმაიძე: რა მაგალითიც შეიძლება ავიღოთ უკრაინელი ერისგან, ეს არის ის გაერთიანება, რაც მათ შეძლეს

ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა.

მან 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიაზე ისაუბრა.

„ვინც საკუთარი თვალით ვნახეთ და ამ დღეს შევესწარით, 1989 წლის 9 აპრილი ჩვენს ცხოვრებაში განსაკუთრებულად მუდმივად იქნება, მაგრამ ვისაც არ უნახავს, მათ აუცილებლად კარგად უნდა ესმოდეთ ის, რაც გვახსენდება, პირველ რიგში ეს არის ქართველი ერი საოცარი ერთსულოვნება, საოცარი მოლოდინი გათავისუფლების, თავისუფალი, ერთიანი საქართველოსი.

ის ხალხი, ვინც ტრაგიკულად გარდაიცვალა, მუდმივად დარჩება თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ. ძალიან ხშირად ყურადღების მიღმა უმთავრესი გვრჩება ხოლმე, რაღაც წარმავალ პრობლემებზე ხდება პოლარიზება და დაპირისპირება მაშინ, როცა ერთად გვაქვს ბევრი რამ გასაკეთებელი.

დღევანდელ სიტუაციაში, ჩვენ რა მაგალითიც შეიძლება ავიღოთ უკრაინელი ერისგან, ეს არის ის გაერთიანება, რაც მათ შეძლეს. იმ დროს, 9 აპრილს, შემდგომ დღეებში ჩვენ გვქონდა საოცარი ერთობა, ამისთვის ალბათ, თითოეული ჩვენგანი უნდა ზრუნავდეს”, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.