ანდრია ჯაღმაიძე მოსაზრებაზე მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ: თავდაპირველად ჩვენთან შეთავაზება სწორედ ამ ფორმით შემოვიდა, თუმცა ეს არ ყოფილა რაიმე კატეგორიული მოთხოვნა, არც უალტერნატივო ფორმა

ანდრია ჯაღმაიძე

თავდაპირველად ჩვენთან შეთავაზება სწორედ ამ ფორმით შემოვიდა, თუმცა ეს არ ყოფილა რაიმე კატეგორიული მოთხოვნა, არც უალტერნატივო ფორმა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

წამყვანმა მას ჰკითხა, ვიდრე საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოხდებოდა საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება, არსებობდა მოსაზრება მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ და იყო თუ არა დისკუსიის საგანი ეს საკითხი.

„თავდაპირველად ჩვენთან შეთავაზება სწორედ ამ ფორმით შემოვიდა, ოღონდ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ეს არ ყოფილა რაიმე კატეგორიული მოთხოვნა, არც უალტერნატივო ფორმა. ყველა იმ პირობამ, რაც ბოლო პერიოდში ეკლესიის გარშემო მიმდინარეობს, განაპირობა სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ინიციატივა. მხედველობაში მაქვს ეკლესიის წინააღმდეგ ცილისმწამებლური, მიზანმიმართული, დისკრედიტაციული კამპანია, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობს. ლგბტ პროპაგანდის ინტენსიურ ხაზს ვხედავთ ეკლესიის ოპონენტების მხრიდან და განმსაზღვრელი აღმოჩნდა ეს ხაზი ეკლესიასა და ნაწილ არასამთავრობოებს, თუ პოლიტიკურ პარტიებს შორის. ალბათ ეს გარემოებები გახდა მიზეზი, რომ სახელმწიფოს გადმოედგა ეს ნაბიჯი. როდესაც დიალოგი შედგა ხელისუფლებასთან, სრულიად ცხადი გახდა, რომ უალტერნატივო არ იყო ეს შეთავაზება, ეს იყო შეკითხვის სახით დასმული - ხომ არ იქნებოდა მიზანშეწონილი და რას ფიქრობდა ამაზე მართლმადიდებლური ეკლესია რომ ასეთი ჩანაწერი გაკეთებულიყო. მსჯელობის შემდეგ, მღვდელმთავრების, სპეციალისტების ჩართულობით, ხელისუფლებასთან კონსულტაციის შემდგომ, შეირჩა სხვა ფორმა. ეს ფორმაც საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის, პრინციპებზე შევჯერდით ხელისუფლებასთან და შეიძლება ითქვას, რომ ეს კონსულტაციები იმ მხრივ, რომ პრინციპები შეირჩა, შედეგიანი იყო“, - აღნიშნა ჯაღმაიძემ.

მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციური სტატუსის კიდევ უფრო გამყარებას საპატრიარქოს სრული მხარდაჭერა აქვს. პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრთან და უმრავლესობის ლიდერთან ძალიან ნაყოფიერი და საქმიანი შეხვედრა გაიმართა. მისი თქმით, მმართველი გუნდის ინიციატივა ერთმნიშვნელოვნად იყო მხარდაჭერილი, გადაწყვეტილებას წმინდა სინოდის წევრები მიესალმებიან.