„ამბობენ, კანონები უნდა გამკაცრდესო... ადამიანი მორალურად უნდა შეიცვალოს“ - გივი სიხარულიძე

გივი სიხარულიძე

მსახიობი გივი სიხარულიძე ქვეყანაში არსებულ ვითარებას ეხმაურება და საკუთარ პოზიციას „პრაიმტაიმთან“ აფიქსირებს.

გივი სიხარულიძე: - როცა კაცობრიობამ ზურგი შეაქცია ღმერთს და ხელი სატანას ჩამოართვა, იმ დღიდან ჩვენი საქმე უკანაა წასული. ეს ყველაფერი გამოიწვია იმან, რომ ეკლესიაზე ძალიან დიდი ზეწოლაა. 24 საათი ეკლესიის მსახურების გინებაა. მეც არ მეხატება გულზე მეუფეები და მათი განდიდება, მაგრამ ეკლესიაში არიან მოძღვრები, უბრალო მღვდლები, ბერები, მონაზვნები, წესიერი ხალხი, მართლა ღმერთთან ახლოს რომ დგანან. მივალ და მათ ჭუჭყიან ფეხებს დავუკოცნი, მაგრამ მეუფეებზე რომ არის ლაპარაკი, ყველას ვეთანხმები.

ეკლესია შეურაცხყვეს. რაზე დგას ქვეყანა, მსოფლიო საერთოდ, დგას მრწამსზე. შენ თუ ღმერთის მორწმუნე კაცი ხარ, ასეთ საქციელს ჩაიდენ, რაც გუშინ მოხდა?! [მონაზონზე სექსუალური ძალადობა] მე ერთ რამეს ვიტყვი, კარგად იცით, სანამ მწერალი და მსახიობი გავხდებოდი, იქამდე ქუჩის ბიჭი ვიყავი. ერთი კანონი იყო, ასეთ საქმეს რომ ჩაიდენდნენ ნაძირალები, ან ახალგაზრდა ბიჭს რომ გააუპატიურებდა ვიღაც, ციხე უსწორდებოდა მათ თვითონ. კანონი ხომ სჯიდა...

- ბოლო დროს კრიმინალის ბევრი შემთხვევა ფიქსირდება...

- ძალიან ბევრი. ეს რამ ქნა იცით? სიყვარული დაიკარგა ადამიანებს შორის. რაზე დგას, ფუძე რა არის ადამიანის ცხოვრების - სიყვარული. 

იყო ასეთი უდიდესი რელიგიური ფილოსოფიის მამამთავარი რუსეთში, ბერტიევი, რომელიც წერს: - ადამიანო, შენ მაღლა ცაში ნუ ეძებ ღმერთს, ღმერთი არს შენში, თუ შენ შეგიძლია გიყვარდეს.“ სიყვარული აღარ არის...

- როგორ უნდა შევცვალოთ დღევანდელი რეალობა?

- უნდა ვიწამოთ ის, ყველაზე დიდი რაც არის - უფალი და მისი ძალა. უნდა გვიყვარდეს, კი არ უნდა გვეშინოდეს უფლის. ახლა ამბობენ, კანონები უნდა გამკაცრდესო. შენს ფსიქიკას რა შეცვლის, უბრალოდ შეგეშინდება, რომ რამე არ ჩაიდინო. მაგრამ მაინც ჩაიდენ, როგორც კი მომენტი გექნება. ამიტომ აქედან მორალი: ადამიანი მორალურად უნდა შეიცვალოს, რომ შეიცვალოს, ამას მთელი ინსტიტუტები სჭირდება. ეს ინსტიტუტი სიკეთის ინსტიტუტია, მერე ოჯახი. დღეს ოჯახებში როგორ იზრდება ბავშვი, დედა ღამის 4 საათზე მოდის ნასვამი, სიგარეტს, პლანს ეწევიან... კაიფობენ და ბავშვი სიყვარულის გარეშე, არაჯანსაღ გარემოში იზრდება, ეს სამყაროს ღუპავს. რასაც დათესავ, იმას მოიმკიო, მომავალში ათასჯერ უარესი გველოდება. მთელი მსოფლიო გადაშენების გზაზეა, თუ ასე გაგრძელდა, სამყარო აღარ იარსებებს და გენიოსი ყოფილა, ვინც აპოკალიფსი იწინასწარმეტყველა - აუცილებლად გადაშენდება სამყარო.