1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
აშშ-ში მცხოვრები ქართველი, კატო მიქელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს და ფოტოს ავრცელებს.
როგორც მისი პოსტიდან ირკვევა, ოთახში, სადაც თავად ცხოვრობს, იპოვა ფურცელი ინგლისური სიტყვებითა და ქართული თარგმანით, რომელიც მისივე თქმით, ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აშშ-ში ოჯახში მომვლელად მუშაობდა.
კატო მიქელაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ბრიტანების სახლში რომ მოვედი, ესპანელი „ქეარგივერი“ [მომვლელი] დამხვდა, რომელიც კარგი ინგლისურით საუბრობდა, მაგრამ სისუფთავესთან ჰქონდა პრობლემები. მალევე გაუშვეს… მერე ოლგა მოვიდა, ამერიკაში დაბადებული უკრაინელი, ბევრი ტატუებით, რომელიც მთელი დღე ტელევიზორს უყურებდა. ისიც მალე გაუშვეს… ახლა ადი გვყავს, შავკანიანი ამერიკელი ბიჭი. ადი ძალიან თავაზიანი ადამიანია და შესაშურად კარგად აკეთებს თავის საქმეს. ამიტომ, სანამ თვითონ ენდომება აქ მუშაობა, არსადაც არ გაუშვებენ.
ამ ხნის მანძილზე, ყოველთვის, როცა „ქეარგივერს“ ეძებდნენ, ქართველებს ვთავაზობდი და ერთადერთი პრობლემა, ენის არცოდნა იყო. ზრუნვის გარდა, ბრიტანებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანს, რომელიც მათ მშობლებს მოუვლის, გამართულად შეეძლოს კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე.
ჩემამდე, ქართველი „ქეარგივერიც“ ჰყოლიათ, რომელიც ძალიან მოსწონდათ, მაგრამ მოხუცებს გაუჭირდათ მასთან შეგუება, ენის არცოდნის გამო და ისიც გაუშვიათ. ძალიან ცდილობდაო, სწავლობდა, გუგლსაც ვიხმარდითო, მაგრამ არაფერი გამოვიდაო.
მე, ახლა, იმ ოთახში ვცხოვრობ, სადაც ეს ქართველი ქალი ცხოვრობდა. უჯრების დალაგებისას, ეს ფურცელი ვიპოვე. ვერაფრით გავიმეტე გადასაგდებად, მაგრამ რომ მკითხოთ, რატომ ვინახავ, ვერ გიპასუხებთ…
ეს ფურცელი არის სახეში გაწნული სილა, მთელი ჩემი ქვეყნის დარდს რომ იტევს და ამაზე სევდიანი, მე პირადად, არაფერი წამიკითხავს ცხოვრებაში!
ეს არის შიში, რომ დაკარგავ სამსახურს, სადაც დღეში 225 დოლარს გიხდიან, არ იხდი ბინის ქირას, არ ყიდულობ საკვებს, არ გეხარჯება ფული ტრანსპორტში. ციხეში ხარ, ფაქტიურად, მაგრამ ფინანსურ პრობლემებს აგვარებ და არ გეშინია, რომ შვილები მშიერი გეყოლება. მერე რა, რომ უშენოდ იზრდებიან. მერა რა, რომ შენს ცხოვრებაში არაფერი არ ხდება, საერთოდ არაფერი!
ეს ფურცელი, მსხვერპლად შეწირვის აქტია და ისეთი სიცხადით განარცხებს მიწაზე, რომ გვერდები გტკივა! კიდევ იმედია ეს ფურცელი. იმედი, რომ გადარჩები, რომ გაუძლებ და რომ დაბრუნდები იქ, სადაც გული დატოვე…
ძალიან ბევრი უმუშევარი ქართველი ცხოვრობს ბრუკლინში. ზოგს ქუჩაში სძინავს, მაგრამ მე არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც უკან დაბრუნებას აპირებს! რადგან უკან დაბრუნება, იმის აღიარებას ნიშნავს, რომ დამარცხდი. თან, არ არსებობს იმედი, რომ სამშობლოში დაბრუნებული, იქ არსებულ პრობლემებთან გამკლავებას შეძლებ.
მე მაინც მგონია, რომ არ არის ამ ქვეყანაში, კარგი სამსახურის პოვნა ძნელი. ენა უნდა იცოდე, აუცილებლად და ცოტა მარიფათიც გქონდეს. სხვა შემთხვევაში, შენი დამსაქმებელი, შენზე ცოტა ადრე ჩამოსული ქართველია, ან რუსი ებრაელი და შესაბამისად, ხელფასიც ისეთი დაბალია, რომ არ ღირს...
წავედი და გულის ამოვარდნამდე მენატრება სახლი… წავედი, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები“, – წერს კატო მიქელაძე სოციალურ ქსელში.