ამ წუთებში სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული, 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

სამება

ამ წუთებში სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული, 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის თანამშრომლობით, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 6 პირის იდენტიფიცირება მოხერხდა. მათგან 5 სამხედრო, ერთი კი მშვიდობიანი მოქალაქეა.

ორ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

პანაშვიდს სახელმწიფო მინისტრი დაესწრო.

"ჩემი ძმა იყო ჯამბული ბერულავა, რომელიც გარდაიცვალა აფხაზეთის ომში. "წითელი ჯვარი" მეხმარებოდა ამ საკითხში, რომ ეს დაგვემტკიცებინა და გაგვერკვია ეს საკითხი. დღეს ყველაფერი გარკვეულია. ღირსეულად დაკრძალვა რომ მოხდება, ესეც ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ყველას ძალიან დიდი მადლობა ამ საკითხში დახმარებისთვის, რომ ჩემი ძმა დღეს, როგორც გმირი, იქნება დასაფლავებული", - აცხადებს ჯამბული ბერულავას და.