jpeg

"ამ პროდუქტს ზაფხულში ვჭამ ხოლმე" - სალომე ზურაბიშვილის რჩევები ცხიმის დაწვაზე და კულინარიული რეცეპტები

როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სამზარეულოსთვის ხშირად იცლის. ის კულინარიით 20 წლის ასაკში კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლისას დაინტერესდა, ინტერესი კი ქართული კერძების მონატრებამ გამოიწვია.

როგორც ჟურნალ "სარკესთან" საუბარში ამბობს, მას განსაკუთრებულად ფრინველის ხორცი და ანანასი უყვარს.

ამბობს, რომ ქათმის ჩახოხბილს ინდური სუნელითა და არაჟნით 10 წუთში ამზადებს. სწრაფი ხელი აქვს – ნახევარ საათში შეუძლია რამდენიმე კერძი გააკეთოს და სტუმრებისთვის სუფრაც გაშალოს. ,,სარკე” გთავაზობთ სალომე ზურაბიშვილის კულინარიულ რეცეპტებს.

– როგორც ვიცი, ქართულ კერძებს ძალიან გემრიელად ამზადებთ...

– კერძების გაკეთება 20 წლისამ ვისწავლე. კოლუმბიის უნივერსიტეტში რომ დავიწყე სწავლა, მარტო ვცხოვრობდი. ქართული კერძები მომინდა და არ ვიცოდი, როგორ გამეკეთებინა. იქ იყვნენ ქართველები და ერთმა ჩემმა უფროსმა მეგობარმა, ბონდო კეკელიამ მასწავლა ბევრი რამ. მაშინ საცივის, ლობიოს, ღომის გაკეთება ვისწავლე.

ღომს ბეისბოლის ჯოხით ურევდა და ისე აკეთებდა. ფრანგულ კერძებს ჩემით ვსწავლობდი და ვაკეთებდი. უნივერსიტეტის მეგობრები მთხოვდნენ, რამე გაგვიკეთეო. გოზინაყი მამაჩემისგან ვისწავლე, ახალ წელს აკეთებდა ხოლმე. ბიძაჩემმა კი პასქის გამოცხობა მასწავლა.

– ფრანგულ ეროვნულ კერძად რა ითვლება?

– შემწვარი კარტოფილი ფრი. აქ მაკდონალდსში რომ იყიდება, ისეთი. ნამდვილი ფრანგული ეროვნული კერძია. არის ასეთი კერძი – პოტოფ, რომელიც ხორცით და სხვადასხვა ბოსტნეულით მზადდება. ხორცი და ყველანაირი ბოსტნეული, რაც კი მისი მომზადების დროს გაქვს, უნდა ჩაყარო ქოთანში და მოხარშო.

– რა მოგიმზადებიათ საკუთარი იმპროვიზაციით?

– მაგალითად, თევზი უნდა შეწვა, დააყარო ბევრი მწვანილი, ბევრი ხახვი, ბევრი ნიორი, პომიდორი და კიდევ ათასი რაღაც, რაც ხელთ გაქვს. კერძის მომზადების დროს ჩემებურ იმპროვიზაციებს ვიყენებ. მეზარება და არც მაინტერესებს დაწერილი რეცეპტის მიხედვით მომზადება.

იხვის ფილე უნდა შეწვათ. ქონს გამოყოფს და უნდა გადაუწუროთ. დაბალ ცეცხლზე უნდა დადგათ ტაფა და შემწვარ ფილეს დაასხათ თაფლი. შემდეგ ლიმონის ან ფორთოხლის წვენი, რომ თაფლი არ დაიწვას. უხდება ბალზამის ძმარი.

ასე შეკმაზული დაბალ ცეცხლზე უნდა დატოვოთ ცოტა ხანს. ძმარი, თაფლი, ციტრუსის წვენი სიმჟავეს და სიტკბოს აძლევს. გემრიელია, თან მარტივი გასაკეთებელი. ცხელი უნდა შეიჭამოს. ეს ჩემი ვარიაციაა. საერთოდ, იხვი ფორთოხლის წვენით და ხახვით, ფრანგულია, თუმცა მისი ზუსტი რეცეპტი არ ვიცი.

– ფრინველის ხორცი გიყვართ?

– ძალიან. ქათმის ერთ რეცეპტსაც გეტყვით. ქათამი უნდა დაჭრათ ძალიან პატარა ნაჭრებად. მერე ბევრ ხახვთან, ნიორთან, მარილთან და წიწაკასთან ერთად კარაქში უნდა მოხრაკოთ, დააყაროთ ინდური სანელებელი – კარი და ეს ყველაფერი არაჟანში აურიოთ.

ძალიან გემრიელია და ათ წუთში ვამზადებ. მთავარია, ქათამი დაჭრილი იყოს, რომ სწრაფად მოიხრაკოს. წყალი არ სჭირდება. მოხარშულ ბრინჯთან ერთად უნდა მიირთვათ. გემრიელია.

კრევეტებით ვამზადებ სალათს. დავჭრი ფორთოხალს, ლიმონს, ნიორს, ქინძს და კრევეტებს.

– ყველაზე სასარგებლო პროდუქტად რას თვლით?

– ანანასს. ამბობენ, ქონს წვავსო. ხანდახან სადილის მაგივრად ერთი ანანასი უნდა შეჭამოთ. ზაფხულში ვჭამ ხოლმე. ბროწეულის წვენიც სასარგებლოა.