"ამ ლოცვისას ისე ტკბები, თითქოს ბაგეზე თაფლი გეცხოს. და სულ მისი წარმოთქმა გსურს" - ათონელი წმინდა ბერის სწავლებანი

ioseb

ათონზე მოღვაწე წმინდა ბერი - იოსებ ისიქასტი იესოს ლოცვის უწყვეტობაზე საუბრობდა. ამ უძველეს ლოცვას რომ დიდი ძალა აქვს, იცით. როგორ უნდა ვილოცოთ?

წმ.იოსებ ისიქასტი: იმისთვის, რომ შინაგანად განვვითარდეთ, ვნებებისგან სიმშვიდე მოვიპოვოთ, უწყვეტი, მუდმივი გონიერი ლოცვა უნდა ვისწავლოთ. განუწყვეტლივ უნდა ამბობდე იესოს ლოცვას ბაგით ან გონებით.

შინაგანი ლოცვა, ღმრთის სახელის მოკლე მოწოდება, ორჭოფობას არ უშვებს, და არ შეიძლება, რომ მისგან ხიბლი წარმოიშვას. რადგან გულში მუდმივად წარმოითქმება ქრისტეს სახელი, იგი განგვწმენდს ბნელისაგან.

ყველას ასწავლე შინაგანი ლოცვა, რომ განუწყვეტლივ წარმოთქვამდნენ: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე". თავიდან ბაგითა და გონებით. შემდეგ გონებითა და გულით. და მალე იპოვით ცხოვრების გზას, სამოთხის კარს. 

ამ ლოცვისას გონება ვერ ასწრებს გაბნეულობას. დროთა განმავლობაში ლოცვის მადლით იწმინდება, აღარ კმაყოფილდება მაცდური მოგონებებით და უქმად დარჩენაც არ უნდა. არამედ უფლის სახელის გახსენებით, აღენთება სიყვარულით ქრისტეს მიმართ. ასე, რომ გულმოდგინედ ისწავლე, შვილო, ეს ღვთაებრივი საიდუმლო საქმე და შენი სული, სხეულის დატოვებამდე, სამოთხედ იქცევა.

შენც ეცადე, განუწყვეტლივ ილოცო და ქრისტე – სიხარული, მშვიდობა, სიყვარული, სინათლე – შემოვა შენში. აიძულე თავი და არ შეწყვიტო ლოცვა. თავიდან ამას შრომა სჭირდება, მაგრამ წლები რომ გავა, ლოცვა თავისთავად აჟღერდება შენში. როცა ეს საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება, გონება ეჩვევა მას და უკვე სწრაფად წარმოთქვამს. და ისე ტკბები, თითქოს ბაგეზე თაფლი გეცხოს. და სულ ამის წარმოთქმა გსურს, და თუ შეწყვეტ, გული გწყდება. ის გამუდმებით განწმენდს ადამიანს ყველა ვნებისაგან.

როგორ ვილოცოთ მიცვალებულთათვის?

აიღეთ სკვნილი და ასჯერ თქვით "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შეიწყალე მონა შენი (სახელი) და ისინი დიდ სარგებელს მიიღებენ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ უწინასწარმეტყველა უშვილობა მამა გაბრიელმა მცხეთელ ბიჭს - "ახლა მაინც მაპატიე-მეთქი..."

"როცა ღვთის სიტყვა თითქმის აღარსად გაისმოდა საქართველოში, ბეთანიელი მამები შუქურასავით იყვნენ და გზააბნეულ ადამიანებს ხსნის გზას უჩვენებდნენ" - დღეს წმინდა ბეთანიელი მამების ხსენების დღეა

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ... - მოძღვარი მრევლს მიმართავს