ამ ახალ წელს გამოვსწორდეთ... - მეუფე შიოს ქადაგება

meufe shio

აი, ამ ახალ წელს გამოვსწორდეთ, აღარ ვცოდოთ და ვიცხოვროთ უფლისთვის სათნო ცხოვრებით. ჩვენი ხალხიც სულიერად უფრო ამაღლდეს, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

რელიგიური სიწმინდეების მიმართ, რომ ვანდალიზმი დაუშვებელია და კანონის გამკაცრებაა საჭირო, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქის მოსაყდრემ ქადაგებისას ისაუბრა. მეუფე შიომ იმედი გამოთქვა, რომ ხატის შეურაცხყოფის ფაქტი აღარ განმეორდება.

„დღეს ვთხოვოთ უფალს, შეგვეწიოს, რომ აი, ამ ახალ წელს გამოვსწორდეთ, აღარ ვცოდოთ და ვიცხოვროთ უფლისთვის სათნო ცხოვრებით; რომ ჩვენი ხალხიც სულიერად უფრო ამაღლდეს; აღარ განმეორდეს ჩვენში ისეთი მძიმე ცოდვა, სიწმინდის ისეთი შეურაცხყოფა და მკრეხელობა, რომელიც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ ამ წმინდა ტაძარში.

ვევედროთ უფალს, რომ ჩვენში სუფევდეს ისეთი სულიერი განწყობა, შემართება, მოქმედებდეს ისეთი კანონმდებლობა ჩვენს სახელმწიფოში, რომ მავანმა ვერც კი გაბედოს ასეთი რამის გაკეთება“, - განაცხადა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას მეუფემ.