ახალი ძველი თბილისი - ნახეთ, როგორ განახლდება ისტორიული უბნები

რეაბილიტაცია

თბილისის უბნებს ისტორიული იერსახე უბრუნდება. 

თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი რეაბილიტირებული შენობის ფოტოს აქვეყნებს და წერს:

„სიახლე არ არის ის, რომ ჩვენი უძველესი დედაქალაქის სავიზიტო ბარათი-ისტორიული უბნები განახლებას საჭიროებს.

რაც შეეხება სიახლეს, ამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე ავარიული შენობები რეაბილიტირდება. ამ მიმართულებით მომზადებულია ორი პროგრამა.
 პირველი პროგრამის მიხედვით, ბიზნესსექტორს, ავარიული სახლის მესაკუთრეებთან შეთანხმების შემდეგ, მიეცემა შესაძლებლობა თავად მოახდინონ ისტორიულ უბნებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება ან რეაბილიტაცია. თუმცა, აქვე აღვნიშნავთ, რომ ბიზნესი, ავარიული სახლის ჩანაცვლებას ან რეაბილიტაციას განახორციელებს მხოლოდ თბილისის განვითარების ფონდის მიერ შემუშავებული დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. ამის სანაცვლოდ კი მუნიციპალიტეტი ბიზნესსექტორს სთავაზობს, მათ საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომელიც უნდა მდებარეობდეს აუცილებლად ისტორიული უბნების გარეთ (და არა ისტორიულ უბანში) გასცეს მიმდებარე არეალთან შესაბამისი გეგმარებითი გადაწყვეტილება და მიანიჭოს კონკრეტული პარამეტრები.

მეორე პროგრამა ითვალისწინებს შემდეგს: ისტორიულ უბნებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ მათი საკუთრების, მათი ქონების გასხვისების/გაყიდვის პროცესი აუქციონის საშუალებით უზრუნველყოს თბილისის მერიამ.

მესაკუთრეების მხრიდან ერთობლივი მომართვის და თანხმობის შემდეგ, თბილისის მერია აზომავს უძრავ ქონებას და უზრუნველყოფს ამ ქონების საექსპერტო შეფასებას ღირებულების დადგენის მიზნით. ამის შემდეგ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო და სხვა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები მიიღებენ ოპტიმალურ გეგმარებით გადაწყვეტილებას და ეს დეტალური ინფორმაცია 2 თვის განმავლობაში განთავსდება მერიის ელექტრონულ ვებგვერდზე.

ინფორმაციის საიტზე განთავსებიდან 2 თვის გასვლის შემდეგ ეს ქონება გავა აუქციონზე. საბოლოოდ აუქციონზე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასი შეთავაზება მესაკუთრეებს და მხოლოდ მათი გადაწყვეტილებით მოხდება ამ ქონების რეალიზება.

იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრეებს ექნებათ სურვილი, აუქციონი გამოცხადდეს მათ მიერ დასახელებული ფასის შესაბამისად, თბილისის მერია ამასაც სრულად უზრუნველყოფს. ანუ, აუქციონი გამოცხადდება მესაკუთრეების ნების შესაბამისად, მათივე მითითებული ფასის ან საექსპერტო დასკვნით გათვალისწინებული ფასის თანახმად“.