თბილისის მერია ისტორიულ უბნებში ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციისთვის ორ ახალ პროგრამას იწყებს

ავარიული კორპუსი

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის ხელმძღვანელობამ შეიმუშავა ორი პროგრამა, რის მიხედვითაც მოხდება ისტორიულ უბნებში შენობების განახლება-რეაბილიტაცია.

„ჩვენ არაერთხელ გვაქვს ნათქვამი, რომ ძველი თბილისის განახლება-რეაბილიტაცია არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, სწორედ ამ მიზნით, არაერთი პროგრამა მუშაობს და ათეულობით მილიონი ლარიც იხარჯება დედაქალაქის ბიუჯეტიდან. მაგალითად, თბილისის განვითარების ფონდი სრული დატვირთვითაა ჩართული ძველი თბილისის, ისტორიული უბნების განახლება-რეაბილიტაციის პროცესში.

გარდა ამისა, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, გამგეობები ახორციელებენ ათეულობით ასეთ შენობა-ნაგებობაში გამაგრებით თუ სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს.

როგორც იცით, ჩვენ ავამოქმედეთ „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა“, რომლის ფარგლებში მუნიციპალიტეტი სრულიად თავისი ხარჯებით ახორციელებს ძველი ავარიული საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლებას ახალი, თანამედროვე და გარემონტებული კორპუსებით. ამ პროცესში მესაკუთრეებს არ ეხარჯებათ არცერთი თეთრი.

თუმცა ვთვლით, რომ ეს არ არის საკმარისი და სწორედ ამიტომ რამდენიმე მთავრობის სხდომის წინ, მე დავავალე ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს, ისტორიულ უბნებში არსებულ ავარიულ შენობა-ნაგებობებში მცხოვრები პირების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, შეემუშავებინათ დამატებითი პროგრამები“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისი თქმით, გუდნმა ორი პროგრამა შეიმუშავა.

„გუნდმა ამ მიმართულებით იმუშავა საკმაოდ აქტიურად, განხილულ იქნა ყველა შესაძლო ვარიანტები და საბოლოო მინდა შემოგთავაზოთ ორი ახალი პროგრამა, კერძოდ: პირველი პროგრამის მიხედვით, ბიზნესსექტორს, ავარიული სახლის მესაკუთრეებთან შეთანხმების შემდეგ, მიეცემა შესაძლებლობა თავად მოახდინონ ისტორიულ უბნებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება, ან რეაბილიტაცია. თუმცა, აქვე აღვნიშნავთ, რომ ბიზნესი, ავარიული სახლის ჩანაცვლებას, ან რეაბილიტაციას განახორციელებს მხოლოდ თბილისის განვითარების ფონდის მიერ შემუშავებული დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. ამის სანაცვლოდ კი მუნიციპალიტეტი ბიზნესსექტორს სთავაზობს, მათ საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომელიც უნდა მდებარეობდეს აუცილებლად ისტორიული უბნების გარეთ (და არა ისტორიულ უბანში) გასცეს მიმდებარე არეალთან შესაბამისი გეგმარებითი გადაწყვეტილება და მიანიჭოს კონკრეტული პარამეტრები.​

გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება დაინტერესებულმა ბიზნესსუბიექტმა შესაბამისი თანხა პირდაპირ ბიუჯეტში გადაიხადოს და სამუშაოების შესრულება მთლიანად გადააბაროს თბილისის განვითარების ფონდს. ამდენად, ბიზნესის ჩართულობის ეს მოდელი, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს, რომ მშენებლობები არ განხორციელდეს ზედმეტი მოცულობებით და მაქსიმალურად დავიცვათ ისტორიული უბნების იერსახე, მეორე მხრივ, დავიცავთ და ხელს შევუწყობთ ამ უბნებში ავარიული სახლების მესაკუთრეებს გაიუმჯობესონ საცხოვრებელი და ყოფითი პირობები.

მეორე პროგრამა ითვალისწინებს შემდეგს: ისტორიულ უბნებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ მათი საკუთრების, მათი ქონების გასხვისების/გაყიდვის პროცესი აუქციონის საშუალებით უზრუნველყოს თბილისის მერიამ.

მესაკუთრეების მხრიდან ერთობლივი მომართვის და თანხმობის შემდეგ, თბილისის მერია აზომავს უძრავ ქონებას და უზრუნველყოფს ამ ქონების საექსპერტო შეფასებას ღირებულების დადგენის მიზნით. ამის შემდეგ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო და სხვა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები მიიღებენ ოპტიმალურ გეგმარებით გადაწყვეტილებას და ეს დეტალური ინფორმაცია 2 თვის განმავლობაში განთავსდება მერიის ელექტრონულ ვებგვერდზე.

დაინტერესებული პირების მოთხოვნის შემთხვევაში, თბილისის მერია მიაწვდის მათ ყველა საჭირო ინფორმაციას ამ ტერიტორიის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით. ინფორმაციის საიტზე განთავსებიდან 2 თვის გასვლის შემდეგ ეს ქონება გავა აუქციონზე. საბოლოოდ აუქციონზე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასი შეეთავაზება მესაკუთრეებს და მხოლოდ მათი გადაწყვეტილებით მოხდება ამ ქონების რეალიზება.

იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრეებს ექნებათ სურვილი, აუქციონი გამოცხადდეს მათ მიერ დასახელებული ფასის შესაბამისად, ცხადია, თბილისის მერია ამასაც სრულად უზრუნველყოფს. ანუ, აუქციონი გამოცხადდება მესაკუთრეების ნების შესაბამისად, მათივე მითითებული ფასის ან საექსპერტო დასკვნით გათვალისწინებული ფასის თანახმად.

ამდენად, ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით მესაკუთრეებს, რათა ოპტიმალური გეგმარებით, აუქციონის წესით, კონკურენტულ ფასად მოხდეს მათი ქონების გაყიდვა. აუქციონის ჩატარება და მასთან დაკავშირებული შემდგომი ყველა საჭირო პროცედურა განხორციელდება თბილისის მერიის მიერ სრულიად უსასყიდლოდ, ყოველგვარი მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე“, - განახადა თბილისის მერმა.