ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

ექიმები

ახალგორში, სოფელ ციხისძირში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. 

„ახალგორის რაიონულ სამსახურში გამოძახება შევიდა. სოფელ ციხისძირში დახმარებას ითხოვდნენ. ახალგაზრდა ქალს სამშობიარო ტკივილები დაწყებული ჰქონდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ადგილზე მისვლისას მეხუთე შვილის მომლოდინე ორსული დახვდათ, რომელსაც მოვლითი სამშობიარო ტკივილები უკვე დაწყებული ჰქონდა.

პაციენტის მდგომარეობის შეფასების პარალელურად, ბრიგადა სადისპეტჩერო სამსახურს დაუკავშირდა და ჰოსპიტალიზაციისთვის მომზადება დაიწყო.

როგორც ექიმი ცირა გათენაშვილი იხსენებს:

„ბინაზე მისულებს დაგვხვდა ორსული ქალბატონი, რომელსაც მოვლითი სამშობიარო ტკივილები ჰქონდა დაწყებული. პაციენტის მდგომარეობის შეფასების შემდეგ დავიწყეთ ჰოსპიტალიზაციისთვის მომზადება. თუმცა, სასწრაფო დახმარების ავტომობილში გადაყვანის დროს ქალბატონმა მოულოდნელად სანაყოფე წყლები დაღვარა და მშობიარობა დაიწყო. ჩვენ სწრაფად მოვამზადეთ სამეანო ნაკრები და საჭირო სამედიცინო დახმარება ადგილზე გავწიეთ.“

მშობიარობის პროცესში ექიმს განსაკუთრებული დახმარება გაუწია ექთანმა ლიანა ჯარმელიშვილმა, რომელიც პროფესიით ბებიაქალია. მისი გამოცდილება და პროფესიული უნარები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მშობიარობის მშვიდად და სწორად წარმართვისთვის.

საბოლოოდ, ქვეყანას კიდევ ერთი ჯანმრთელი ბიჭუნა შეემატა. ახალშობილის მდგომარეობა კლინიკაში გადაყვანისას აბგარის შკალით 10 ქულით შეფასდა.

ექიმი ცირა გათენაშვილი 1997 წლიდან სასწრაფო დახმარების გუნდის წევრია. მიუხედავად მრავალწლიანი გამოცდილებისა, მის პროფესიულ პრაქტიკაში მშობიარობის მიღების ეს მხოლოდ მეორე შემთხვევა იყო.

„ასეთი წუთების დავიწყება რთულია. განსაკუთრებული ემოციაა, როდესაც შენს ხელებში ახალი სიცოცხლე იბადება. მადლობას ვუხდი ჩემი გუნდის თითოეულ წევრს და დედასა და ახალშობილს ჯანმრთელობასა და ბედნიერ მომავალს ვუსურვებ“, - ამბობს ექიმი ცირა გათენაშვილი.