აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა აგროქიმიკატების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს.

„ინდივიდუალური მეწარმე ე.ყ. (მისამართი: ქუთაისი, ნიკეას მე -2 შესახვევი) ბიზნესსაქმიანობას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ეწეოდა.

კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას.

სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერების ინტერესების დაცვისა და ბაზარზე ხარისხიანი პესტიციდების განთავსების მიზნით აქტიურ კონტროლს აგრძელებს“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.