პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1764872755
ჟურნალ Parade-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ადამიანის სიარულის მანერა მნიშვნელოვანი ინდიკატორია მისი საერთო ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შეფასებისთვის. ექსპერტების თქმით, ნაბიჯის სიჩქარე, რიტმი და მოძრაობის სტილი ხშირად ასახავს ნერვული, კუნთოვანი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების მდგომარეობას.
ძალის სპეციალისტი ჯოი მასრი განმარტავს, რომ სიარული გვაწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას ბალანსის, ძალის, ენერგიის, კოგნიტიური ფუნქციებისა და ზოგჯერ სიკვდილიანობის რისკის შესახებაც. 2011 წლის ფართო კვლევამაც აჩვენა - ხანდაზმულებში სწრაფი სიარული უკეთეს გადარჩენასთანაა დაკავშირებული.
დოქტორი მაიკლ ოუენსი მიუთითებს, რომ სიარული მხოლოდ ფეხების მოძრაობა არ არის - პროცესში ერთიანად ერთვება კუნთები, სახსრები, ნერვული სისტემა და წონასწორობის მექანიზმები. ამიტომ ექიმები დეტალურად აკვირდებიან სიჩქარეს, რიტმს, მუხლისა და მენჯის მოძრაობას, ხელების ქანვას და სიმეტრიას.
რა შეიძლება მიუთითებდეს სიარულის დარღვევაზე?
სპეციალისტები განმარტავენ, რომ შემდეგი ნიშნები შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემის ადრეული სიგნალი იყოს:
ფეხის ქაჩვა ან კოჭლობა
ნაბიჯებს შორის არათანაბრობა
ხელების მოძრაობის შემცირება
ზედმეტად ფართო ან არათანაბარი ნაბიჯები
დოქტორი დენიელსის თქმით, არასტაბილური სიარული მხოლოდ ტერფის პრობლემა არ არის - ის შეიძლება მიუთითებდეს ნევროლოგიურ ცვლილებებზე, წონასწორობის დარღვევაზე ან მომავალში დაცემის რისკზე. დროული დიაგნოზი კი პრობლემის გამწვავებას ხელს უშლის.
როგორ შევამოწმოთ ჩვენი სიარული სახლში?
ადგილზე სიარული სარკესთან - თუ სხეული სიმეტრიულია, ეს ნორმალურ სიარულს მიუთითებს; ასიმეტრია - პათოლოგიას.
წინ სიარული
ჩაიწერეთ ვიდეო და შეამოწმეთ, თანაბრად გაქვთ თუ არა ნაბიჯები და ქუსლიდან თითებზე გადაადგილება.
ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ ფეხსაცმლის ერთ მხარეს სწრაფი გაცვეთა პრობლმის მაჩვენებელია და საჭიროებს სპეციალისტთან კონსულტაციას.
ექსპერტი ხაზგასმით აღნიშნავს: სიარულის ნებისმიერი ცვლილება უნდა გახდეს სიგნალი ექიმთან მისასვლელად - ეს ხშირად ყველაზე ადრე გვაფრთხილებს იმაზე, რასაც სხეული მოგვიანებით უფრო მძაფრად გვაგრძნობინებს.