აჭარის ტურისტულ პროდუქტებს უნგრეთში გაეცნენ

 აჭარის ტურისტულ პროდუქტებს უნგრეთში გაეცნენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები ბუდაპეშტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა. ოთხი დღის განმავლობაში, გამოფენის ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ აჭარის სამთო-საზღვაო ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ. ვიზიტორების განსაკუთრებული ყურადღება აჭარის საზღვაო ტურისტულმა მიმართულებებმა და ქვეყნებს შორის არსებულმა პირდაპირმა ფრენებმა მიიპყრო. Hungexpo 2026-ს ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილობრივი მედიის, ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

გამოფენაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა. წელს, ბუდაპეშტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში 150-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს პოპულარიზაცია 10-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაუწია. მათ შორისაა მადრიდის, ნიუ-იორკის, უტრეხტის, მუმბაისა და თელავივის საერთაშორისო ტურისტული გამოფენები.