ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს
1786219080
2008 წლიდან 18 წლის თავზე, უკვე სამართლებრივად დადასტურებულია ვინ არის ომის დამნაშავე - რუსეთი ოკუპანტია. ეს სტრასბურგშიც დადგინდა და ჰააგაშიც. ამიტომ, ხელისუფლება უკვე ქვეყნის შიგნით, ყოფილ ხელისუფლებას სთხოვს პასუხს ისეთ საკითხებზე, რომლის უარყოფაც თავად საერთაშორისო სასამართლოებში უწევდა.
რატომ დაეთანხმნენ რეზოლუციას, რომლის მეხუთე პუნქტშიც ეწერა, რომ "7 აგვისტოს საქართველოს სამხედროების მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვამ კონფლიქტის ესკალაცია ახალ ეტაპზე გადაიყვანა: ღია და სრულმასშტაბიან ომამდე". რატომ აბრალებდნენ ქართულ ჯარს ომის დანაშაულს? რატომ დაიწყეს ომის დაწყების თარიღის აღნიშვნა 20014 წლიდან, 8 აგვისტოს ნაცვლად, 7-ში, როდესაც საკუთარ ბრძანებულებაში სააკაშვილი თავად წერს, რომ რუსული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე როკის გვირაბის გავლით, სწორედ 8 აგვისტოს შემოვიდნენ, როგორც ეს ევროსაბჭოს რეზოლუციაშიც წერია? - "ნაციონალური მოძრაობის" მისამართით არსებული ეს კითხვები წლებია ღიად რჩება.
სააკაშვილის და მისი რეჟიმის ღალატი ვერ გადაფარავს ფაქტს, რომ რუსეთი ოკუპაციას ახორციელებს - აცხადებს პრემიერ-მინისტრი. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ყოფილი სახელისუფლებო პარტია ომის დაწყების თარიღის შეცვლით, ვერ აირიდებს პასუხისმგებლობას, რომელიც აგვისტოს მოვლენებიდან 2 თვეში, რეზოლუციის მხარდაჭერითაც აიღო.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დღეს მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები და ომში დაღუპულთა ახლობლები იმყოფებოდნენ. ომის დაწყების თარიღის მსგავსად, ოპოზიციას განსხვავებულად ესმის ევროსაბჭოს რეზოლუციის შინაარსიც.
"ნაციონალურ მოძრაობას" საერთაშორისო სასამართლოებში გამარჯვებაზე აპელირების მორალური უფლება არ აქვს - ამბობს უმრავლესობა. მათი თქმით, სამართლებრივ დავაში ოკუპანტი ქვეყანა საკუთარი აგრესიის გასამართლებლად სწორედ სააკაშვილის გუნდის ხელმოწერილ დოკუმენტს იყენებდა, ევროსაბჭოს რეზოლუციის კონკრეტული პუნქტები კი, ქართული ჯარის უდანაშაულობასთან ერთად, საფრთხეს არაღიარების პოლიტიკასაც უქმნიდა.
2008 წლის აგვისტოს მოვლენებს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდა. სწორედ ამ კომისიის დასკვნა უდევს საფუძვლად სარჩელს, რომელიც სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობისა" და მასთან დაკავშირებული პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით შევიდა.