რა ისმის ნია იმნაძისა და მამამისის ფარული ჩანაწერიდან - გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე

გიგა ავალიანი

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის პროკურორის, ქეთევან სონიძის განცხადებით, საქმეზე მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებში ნიაიმნაძისა და მისი მამის, ვალერ იმნაძის, საუბარია ასახული, სადაც ისინი ალექსანდრე გაბაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულს განიხილავენ.

სონიძის განმარტებით, ჩანაწერში ვალერ იმნაძე შვილს ეუბნება, რომ ბრალდებულს აღნიშნული ქმედება არ უნდა ჩაედინა და არასწორად მოიქცა.

მისივე თქმით, ნია იმნაძე პასუხობს, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობდა და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებების მიღების თანამედროვე მიდგომა განსხვავდება უფროსი თაობის ხედვისგან, რის გამოც მამა-შვილს შორის კამათი მიმდინარეობს.

„ფარული ჩანაწერები მიმდინარე წლის თებერვალში მოვიპოვეთ, თუმცა მანამდე, ოქტომბრის თვეშიც განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა მაშინ, არაინფორმაციული აღმოჩნდა, უბრალოდ არ გაჟღერდა ეს ინფორმაცია და ვერ მოვიპოვეთ.

საუბარი მიმდინარეობს ნია იმნაძესა და მამამის, ვალერ იმნაძეს შორის, თუმცა იქ ოჯახის სხვა წევრებიც იმყოფებიან. განიხილავდნენ როგორ ჩაიდინა დანაშაული ალექსანდრე გაბაშვილმა. ნიას მამა ამბობს, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა და არასწორად მოიქცა. თუმცა მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, რომ თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება გადაწყვეტილებების მიღება და ის არის ძველი თაობის წარმომადგენელი. მოკლედ, მამა-შვილს შორის კამათი მიმდინარეობს. მიმდინარეობს ნია იმნაძის მიერ თავისი აზრის გამოხატვა. ასევე, დემონსტრირებას ახდებს, რომ ის არა მხოლოდ ეთანხმება იმას, რაც მოხდა, არამედ გარკვეულ წინმსწრებ ინფორმაციასაც ფლობდა”, - განაცხადა პროკურორმა.

ამასთან, სონიძემ აღნიშნა, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად „მეტას“ კვლავ მიმართეს და ამ დრომდე კომპანიის პასუხს ელოდებიან შუამდგომლობაზე.

„მეტადან“ ისევ ველოდებით შუამდგომლობაზე პასუხს“,- განაცხადა პროკურორმა.

ასევე, პროკურორმა განმარტა, რატომ მიიღო ათი თვის შემდგე ნია იმნაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის გადაწყვეტილება პროკურატურამ. მისი განმარტებით, ამის საფუძველი გახდა საქმეზე ფარული სატელეფონო მოსმენებისა და ბინის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები.

საქმის პროკურორის განმარტებით, გამოძიების ვადების გაჭიანურება თებერვალში განხორციელებული ფარული ჩანაწერების დამუშავებამ, გაშიფვრამ და ახალი მტკიცებულებების მოპოვების ხანგრძლივმა პროცესმა გამოიწვია.„თვის განმავლობაში ვერ მივიღეთ გადაწყვეტილება სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებასთან დაკავშირებით ნია იმნაძის მიმართ.

"ათი თვე დაჭირდა პროკურატურას იმიტომ, რომ მტკიცებულებების მოპოვება ხდებოდა ამ დროის განმავლობაში. რაც შეეხება კითხვას, რა ახალი მტკიცებულებები გაჩნდა საქმეში, ეს არის ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია. წარმოდგენილ საქმესთან დაკავშირებით ჩვენ ჩავატარეთ ფარული მოსმენები, როგორც სატელეფონო კომუნიკაციების მოსმენა ასევე ბინის ფარული აღჭურვები. ნია იმნაძის ბინის აღჭურვის შედეგად მივიღეთ ინფორმაცია, რომელიც სხვა მტკიცებულებებთან ერთად შეფასდა. მოგახსენებთ, რომ თებერვალში განხორციელდა ეს ფარული ჩანაწერები, ამის შემდეგ საკმაოდ დიდი დრო დაჭირდა, რომ გაშიფრული და დამუშავებულიყო. სწორედ ამიტომ გაჭიანურდა აღნიშნული ვადები“, - აღნიშნა საქმის პროკურორმა.