1765629268
7 000-მდე შემოწმებული კვების ობიექტი და გამოვლენილი 1 600 დარღვევა - სურსათის ეროვნული სააგენტო შემოწმებას ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს
თბილისის ცენტრალურ უბანში, სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა, მხოლოდ ერთ ობიექტზე, რამდენიმე დარღვევა გამოავლინეს. შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ ჟანგმოკიდებული ინვენტარიდან და დაბინძურებული გამწოვიდან ნაწილაკები საკვებში ხვდებოდა. მიუხედავად ამისა, პროდუქტის რეალიზაცია მაინც ხდებოდა. კვების ობიექტზე, რომელსაც წარმოების ნაწილი შეუჩერდა, კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
დარღვევების საფუძველზე შედგა ოქმი და სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ობიექტი დააჯარიმეს.
სურსათის ეროვნული სააგენტო კვების ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს. უწყების ინფორმაციით, დარღვევების რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება. ამის მიზეზად სააგენტოში პერიოდულ მონიტორინგს ასახელებენ. მოწმდება ისიც, თუ როგორ სრულდება გაცემული რეკომენდაციები და დაკისრებული ვალდებულებები.
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად მზა კერძებისა და საკონდიტრო ნაწარმზე მოთხოვნა იზრდება. სწორედ ამიტომ, ობიექტების შემოწმება ამ პერიოდში კიდევ უფრო ინტენსიური ხდება. სურსათის უვნებლობის ექსპერტები მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევენ, თავადაც უფრო ყურადღებით იყვნენ და მოითხოვონ ინფორმაცია პროდუქტის წარმოშობასა და ვარგისიანობაზე.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამოქმედებულია ცხელი ხაზიც. მოქალაქეებს შეუძლიათ დარღვევის შემთხვევაში უწყებას ინფორმაცია მიაწოდონ.











