6 კრიტერიუმი, რომელიც დიდ ქალაქში ბინის შერჩევაში დაგეხმარებათ

ბინა

დიდ ქალაქში ცხოვრება ბევრ შესაძლებლობას იძლევა, თუმცა იდეალური ბინის პოვნა ხშირად რთულ ამოცანად იქცევა ხოლმე. უამრავი საცხოვრებელი კომპლექსი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული უბანი და პირობები არჩევანს ძალიან ართულებს. თუმცა, თუ წინასწარ გეცოდინებათ, რას მიაქციოთ ყურადღება, გადაწყვეტილების მიღება გაგიმარტივდებათ.

შეაფასეთ რამდენად ხელმისაწვდომია საზოგადოებრივი ტრანსპორტი

ბინის შერჩევისას ერთ-ერთი პირველი და მთავარი ფაქტორი მისი ადგილმდებარეობაა. დიდ ქალაქში ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ყოველდღიური გადაადგილება დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, მეტროსთან ახლოს მდებარე ბინები ყოველთვის დიდი მოთხოვნით სარგებლობს. მეტრო ხომ ქალაქის ნებისმიერ წერტილში საცობების გარეშე მოხვედრის საუკეთესო საშუალებაა. 
მეტროს გარდა, მნიშვნელოვანია ახლოს იყოს ავტობუსისა და მიკროავტობუსის გაჩერებებიც. კარგია, თუ სახლიდან 5-10 წუთის სავალ მანძილზე რამდენიმე ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალება იქნება ხელმისაწვდომი.  

დარწმუნდით, რომ უბნის ინფრასტრუქტურა თქვენს საჭიროებებს პასუხობს

მას შემდეგ, რაც სასურველ ლოკაციას შეარჩევთ, უბნის ინფრასტრუქტურასაც დააკვირდით. ყოველდღიური კომფორტისთვის აუცილებელია, რომ სახლთან ახლოს იყოს საბავშვო ბაღი, სკოლა, აფთიაქი, პოლიკლინიკა და სასურსათო მაღაზიები.  

აირჩიეთ გეგმარება, რომელიც თქვენი და თქვენი ოჯახის ცხოვრების სტილს შეესაბამება

ოთახების რაოდენობა და საერთო ფართობი ინდივიდუალურ საჭიროებებზეა დამოკიდებული. მაგალითად, ახალგაზრდა წყვილს შესაძლოა ოროთახიანი ბინა აკმაყოფილებდეს, ხოლო მრავალსულიან ოჯახს სამი ან ოთხი ოთახი დასჭირდეს.  
კვადრატულობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ოთახების განლაგება.

იზოლირებული ოთახები ოჯახის თითოეულ წევრს საკუთარი პირადი სივრცის ქონის საშუალებას აძლევს. ყურადღება მიაქციეთ სამზარეულოს ზომას. პატარა სამზარეულო, განსაკუთრებით დიდი ოჯახისთვის, შესაძლოა მოუხერხებელი აღმოჩნდეს.  

განსაზღვრეთ, რომელი სართული და ხედი შეგიქმნით საუკეთესო გარემოს

პირველი სართული მოსახერხებელია გადაადგილებისთვის, რადგან ლიფტი არ სჭირდება, თუმცა შეიძლება ის პრობლემური იყოს უსაფრთხოების, ქუჩის ხმაურისა და პირადული სივრცის კუთხით. ბევრი ოპტიმალურ არჩევანად შუა სართულებს მიიჩნევს.

ხედი ფანჯრიდან კიდევ ერთი დეტალია, რომელიც საცხოვრებელ კომფორტზე დიდ გავლენას ახდენს. თუ ფანჯრები მეზობელი კორპუსის კედელს უყურებს, ოთახებში ნაკლები ბუნებრივი სინათლე შემოვა. პარკზე ან მთებზე გამავალი ხედი უფრო სასიამოვნო სანახავია და ცხოვრების ხარისხზეც დადებითად აისახება.

შეამოწმეთ დოკუმენტაცია და დაიცავით თავი იურიდიული რისკებისგან

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა კრიტერიუმის შეფასების შემდეგ, ბოლო და ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპი დოკუმენტაციის შემოწმებაა. დარწმუნდით, რომ საკუთრების მოწმობა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან წესრიგშია. აუცილებლად გადაამოწმეთ, ხომ არ არის ბინა იპოთეკით დატვირთული ან ხომ არ აქვს მესაკუთრეს რაიმე ფინანსური ვალდებულება.  
თუ არჩევანს მშენებარე ბინაზე შეაჩერებთ, ზედმიწევნით შეისწავლეთ სამშენებლო კომპანიის ნებართვები, მიწის ნაკვეთის დოკუმენტაცია და არქიტექტურული პროექტი.

შეისწავლეთ ხელშეკრულების ყველა პირობა ხელმოწერამდე

ბინის შერჩევა დროს მოითხოვს და აჩქარება ამ პროცესში დაუშვებელია. სანამ საბოლოო ხელშეკრულებას ხელს მოაწერთ, დარწმუნდით, რომ დეტალურად გაეცანით ყველა პუნქტს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ მშენებარე ბინის ყიდვა განვადებით გადაწყვიტეთ, რადგან ასეთი ტიპის ხელშეკრულებები, როგორც წესი, გრძელვადიან ფინანსურ პასუხისმგებლობებს მოიცავს.