„4000$ მომიტანე და ბავშვს დაგიტოვებო...“ - რა მოხდა მე-5 სამშობიაროში, სადაც დედას უთხრეს, რომ შვილი გარდაეცვალა

ბავშვი

ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში კიდევ ერთი გაშვილებული ბავშვის უმძიმეს ისტორიას ავრცელებს. 

„ცოტა ძველი ამბით დავიწყებ, 1995 წლიდან... ჩვენი ჯგუფის წევრმა, ქალბატონმა იამ, იმშობიარა მე-5 სამშობიაროში, გააჩინა გოგონა და მას უთხრეს, რომ ეს ბავშვი გარდაიცვალა. როგორც ყოველთვის, არ გამოატანეს ბავშვი დასაკრძალავად, უთხრეს, რომ მე-5 სამშობიაროს ეზოში დაიკრძალებოდა. შემდეგ გაირკვა, რომ მე-5 სამშობიაროს არ ჰქონია სასაფლაო. 

რამდენიმე თვის წინ, ქალბატონმა ია განათავსა პოსტი, დაწერა დეტალური ინფორმაცია. პოსტი დადებული არ ჰქონდა, რომ გამოეხმაურა ერთ-ერთი ქალბატონი, რომელმაც უთხრა, რომ ის მუშაობდა მე-5 სამშობიაროში და იას შვილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში იზრდებოდა მასთან... ამ ქალბატონს უთხრეს, რომ დედამ მიატოვა ბავშვი და გარკვეული პერიოდი უნდა გაზრდილიყო მასთან, სანამ გამოუჩნდებოდა სხვა პატრონი. 

იას შვილმა, ამ ქალბატონის სახლში გაატარა სრული 8 თვე. შემდეგ ეს ქალბატონი მივიდა სამშობიაროს დირექტორთან და სთხოვა, რომ ბავშვი მისთვის დაეტოვებინა, მაგრამ მე-5 სამშობიაროს დირექტორმა უთხრა: „4000$ მომიტანე და ბავშვს დაგიტოვებო“, რაზეც მიიღო უარი, რადგან ამ ქალბატონს არ ჰქონდა 4000$“, - ამბობს თამუნა მუსერიძე.