2027 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იტალიური ენის ჩაბარებაც იქნება შესაძლებელი

გამოცდები

2027 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იტალიური ენის ჩაბარებაც იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას ამის შესახებ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ დრომდე აბიტურიენტებს აკადემიურ პროგრამებზე ჩასარიცხად უცხოური ენის გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა ჰქონდათ ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებში.

„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, უცხოური ენების ჩამონათვალს იტალიური ენაც დაემატება და 2027 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ უცხოური ენის გამოცდა ჩააბარონ იტალიურ ენაშიც.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი  მასწავლებლებისათვის გამოცდას იტალიურ ენაში 2023 წლიდან ატარებს. სწორედ ამ გამოცდილებისა და სკოლებში იტალიური ენის სწავლების პრაქტიკის გათვალისწინებით, 2027 წლიდან იტალიური ენა ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ჩამონათვალში იქნება.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის იტალიური ენის ტესტურ დავალებებზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სპეციალისტები იმუშავებენ.

საგამოცდო კრებული და პროგრამა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება“, – ნათქვამია შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის გავრცელებულ ინფორმაციაში.