საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1732477853
16 წლის გოგონა ექიმებმა სიკვდილს სასწაულებრივად გადაარჩინეს - არასრულწლოვანმა სახლში აბორტი თვითნებურად სცადა. მძიმე ისტორია სოციალური ქსელით იწყება, სწორედ ინტერნეტში მიაგნო ახალგაზრდა გოგომ მეთოდს, რომლითაც ნაყოფის მოშორებას შეძლებდა - თუმცა, გონებადაკარგული, საავადმყოფოს პალატაში აღმოჩნდა.
თვითნებური აბორტების ისტორია არაერთია, ხერხები კი - განსხვავებული. ბალახეულის ნახარში, ბატის ბუმბული - მეთოდები, რომელიც ექიმებს შოკში აგდებს. სისხლდენა, სეფსისი, საშვილოსნოს დაკარგვა, ნაყოფთან ერთად დედების შეწყვეტილი სიცოცხლე - ეს ის შედეგებია, რომლებსაც თვითნებური აბორტი იწვევს.
არასრულწლოვანი, თვითნებურად ჩატარებული აბორტის გართულებებით, კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს.
თვითნებური აბორტი - ეს არის, ექიმის ჩარევის გარეშე, ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა, რასაც მედიცინა სასტიკად კრძალავს, მაგრამ ქალები მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ხერხს, გამოუვალ მდგომარეობაში, საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე მაინც მიმართავენ.
მსგავსი შემთხვევები საქართველოში ხშირია, მეთოდები კი, რიგ შემთხვევაში - გამაოგნებელი.
გარდა ლეტალობისა და საშვილოსნოს დაკარგვისა, არასწორად შეწყვეტილი ორსულობის შემდეგ, ხშირია მეორადი უშვილობაც.
ქვეყანაში თვითნებურად შეწყვეტილი ორსულობის სტატისტიკა არ არსებობს, რადგან ქალები ცდილობენ, ეს ყველასგან მალულად გააკეთონ, თუმცა არსებობს თვითნებური აბორტების მძიმე შედეგები, ჯანმრთელობის გართულებები და, ნაყოფთან ერთად, დედების შეწყვეტილი სიცოცხლე. გამოსავალი არის კონტრაცეფცია, უკვე დამდგარ ორსულობაზე კი - ექიმთან მიმართვა.