1732386875
14 თებერვალი ვალენტინობაა - რატომ უკავშირდება ეს დღე შეყვარებულ წყვილებს
14 თებერვალს მსოფლიოში წმინდა ვალენტინის დღეს აღნიშნავენ. ამ დღეს, შეყვარებული წყვილები განსაკუთრებით ზეიმობენ. პირველად, შეყვარებულებმა ეს დღე, დიდ ბრიტანეთში, 1835 წელს აღნიშნეს, 1847 წლიდან კი, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ერთ-ერთ პოპულარულ დღესასწაულად იქცა.
ვალენტინი რომაელი მღვდელი იყო, 269 წელს, კლავდიუს II-ის მეფობის დროს აწამეს. კლავდიუს II-მ რომის იმპერიაში ახალგაზრდების დაქორწინება აკრძალა, რადგან თვლიდა, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც ოჯახი და საყვარელი ქალი არ ჰყავდა, უკეთ იბრძოდა და ემსახურებოდა სამშობლოს, ვიდრე დაოჯახებული და წვრილშვილიანი კაცი. მღვდელი ვალენტინი კლავდიუს II-ს ბრძანებას არ დაემორჩილა და შეყვარებულ წყვილებს მალულად წერდა ჯვარს. მისი ეს საქციელი დიდხანს არ დარჩენილა შეუმჩნეველი. ვალენტინი შეიპყრეს, ციხეში ჩასვეს, სასტიკად აწამეს, შემდეგ თავი მოკვეთეს.
არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვით, ციხეში ყოფნისას, ვალენტინს ციხის ზედამხედველის ბრმა ქალიშვილი ჯულია შეუყვარდა და სასიყვარულო ბარათი მისწერა. ბარათი ასე მთავრდებოდა: "შენი ვალენტინი". სწორედ აქედან მოდის დასავლური ტრადიცია, რომლის მიხედვით, 14 თებერვალს შეყვარებულები ერთმანეთს სასიყვარულო ბარათებს უგზავნიან წარწერით „იყავი ჩემი ვალენტინი“ ან - „იქნები ჩემი ვალენტინი?“ და ა. შ.
ყველა, ვისაც ეს ტრადიცია მოსწონს, 14 თებერვალს რაღაც ფორმით აღნიშნავს საყვარელ ადამიანთან ერთად. მაგალითად, საფრანგეთში, ვალენტინობის დღეს, ერთმანეთს სამკაულებს, თეთრეულს, რომანტიკულ მოგზაურობებს, ტკბილეულს ჩუქნიან. კაცები ქორწინების წინადადებებს სთავაზობენ თავიანთ რჩეულებს. ინგლისში, ბარათებს, გულის ფორმის ტკბილეულს და ყვავილებს ჩუქნიან. გოგონები შეყვარებულებისთვის გულის ფორმის ღვეზელებს აცხობენ. იტალიაში ამ დღეს „ტკბილს“ უწოდებენ, ყველაზე ხშირად შეყვარებულები ერთმანეთს შოკოლადს და ტკბილეულს ჩუქნიან.
თუმცა, მრავლად არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ ყოველი დღე სიყვარულისაა.