"ასაკში ვისწავლე, რომ ადამიანებს არ სჭირდებათ სიმართლის მოსმენა" - რუსა მორჩილაძე

რუსა მორჩილაძე

მუსიკოსი რუსა მორჩილაძე ყოველთვის აქტიურად მუშაობს ახალ კომპოზიციებზე და მის მიერ შექმნილი ყველა სიმღერა ჰიტი ხდება. რუსა ახლა გრანდიოზული კონცერტისთვის ემზადება, რის შესახებაც  «პრაიმ ტაიმთან» ისაუბრა.

- ვფიქრობ, რა მინდა და მგონი, მინდა, ჩემი საავტორო კონცერტი. არაჩვეულებრივი და გრანდიოზული უნდა იყოს ეს საღამო. ბევრი პრობლემა არის მოსაგვარებელი და ამ პრობლემების მოგვარებაში წავა დრო. პირველ რიგში, ფინანსური პრობლემებია მოსაგვარებელი, უფულოდ კარგი არაფერი არ გაკეთდება. ცუდები კეთდება და არ მომწონს. მე ისეთი მინდა, რომელიც მე მომეწონება და მაგას ბევრი ფული უნდა.

- როგორც ტიტულიანი და არაერთი ჰიტის ავტორ-შემსრულებელი, როგორ შეაფასებთ ქართულ შოუბიზნესში არსებულ მდგომარეობას?

- რომ ვუყურებ შოუბიზნესში რაც ხდება, 80 % მე არ მომწონს. თითქოს ხელი აკლია. გასაცხრილი და მოსაჭიმია ყველაფერი. უგემოვნობა შეერია შოუბიზნესს. უკეთესი შეგვიძლია.

- რუსა არასდროს საუბრობთ შვილზე, როგორი დედა ხართ?

- მეგონა, რომ კარგი დედა ვიყავი, მაგრამ ახლა გადავხედე ჩემს დედობას და აზრი შემეცვალა. მკაცრი დედა არ ვიყავი და ვფიქრობ, სიმკაცრე საჭიროა. ჩემს შვილს არ უყვარს დიდად, მასზე რომ ვსაუბრობ, ამიტომ თავი დამანებეთ.

- მის არჩევანში თუ ერევით?

- არასდროს ჩავრეულვარ მის არჩევანში, იმიტომ რომ კარგი გემოვნება აქვს.

- თქვენ ცნობილი ხართ თქვენი პირდაპირობით, ახლა ხომ არ ნანობთ ხასიათის ამ თვისებას?

- ასაკში ვისწავლე რომ ადამიანებს არ სჭირდებათ სიმართლეების მოსმენა და უნდა იყო შენთვის წყნარად. პირდაპირობა არაა საჭირო, რადგან ამის გამო ბევრჯერ მინანია.