ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატებმა სასამართლოს დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს - მოსამართლე საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნის საკითხზე სათათბიროდ გავიდა

ზურა ჯაფარიძე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ადვოკატებმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

აღნიშნული ადვოკატებმა მას შემდეგ გააკეთეს, რაც მოსამართლეს კიდევ ერთხელ მიმართეს სხდომათა დარბაზის შეცვლასთან დაკავშირებით და მან კვლავ არ შეცვალა გადაწყვეტილება.

ადვოკატების დარბაზიდან გასვლასთან დაკავშირებით მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ განაცხადა, რომ ამას სასამართლოს უპატივცემულობად ჩათვლიდა, რასაც მას გვარამიამ უპასუხა, რომ თუ უნდოდა, დაეჯარიმებინა.

„გაბრძანდით“ - უთხრა მათ მოსამართლემ, რასაც გვარამიამ ასე უპასუხა: „მე კი გავბრძანდები, მაგრამ შენ შებრძანდები“,- განაცხადა გვარამიამ.

აღნიშნულის შემდეგ მოსამართლემ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს პოზიცია ჰკითხა, რასთან დაკავშირებითაც მან უპასუხა, რომ მისთვის ადვოკატი დაენიშნათ.

ჯაფარიძის სხდომა ადვოკატის გარეშე გაგრძელდება თუ მას საზოგადოებრივ ადვოკატს დაუნიშნავენ - მოსამართლე სათათბიროდ გავიდა.