ვინ არის დეპუტატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან," რომელსაც პროკურატურამ ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა

ნაციონალური მოძრაობა

რუსთავის საკრებულოში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს, ვაჟა მორგოშიას პროკურატურამ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, მორგოშიამ ორ პირთან ერთად ზ.ვ.-ს მიმართ, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

"პროკურატურამ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე  რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, ვ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 12 ივნისს, ქ. რუსთავში, ვ.მ.-მ ორ პირთან ერთად, ზ.ვ.-თან წარსულში არსებული უთანხმოების გამო, მის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

ვ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) წარედგინა.

საქართველოს პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - წერია განცხადებაში.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით ესაუბრა თავად ვაჟა მორგოშიასაც, რომელიც აცხადებს ბრალდება აბსურდულია.

"ეს ბრალი არის სრულიად აბსურდული და არანაირი კავშირი არ აქვს სისხლის სამართალთან და ზოგადად სამართლიანობასთან.

დაახლოებით ორი კვირის წინ სახლში ვბრუნდებოდი და ჩემი მეზობლები ისხდნენ ეზოში, მივესალმე ჩვეულებრივად, მომესალმნენ და მთხოვეს, გავჩერებულიყავი. სახლში ავედი და ჩამოვედი. ვსაუბრობდით ბევრ თემაზე, ერთმა მეზობელმა მოაყოლა, რომ ნეტაო ბარემ რუსეთი შემოვიდესო და რუსეთი გავხდეთო, მე ვუთხარი, შენ მაინც ოკუპირებული ტერიტორიიდან ხარ-თქო და რუსეთად გახდომა რად გინდა თქო.

მერე უკრაინის თემებს მოვაყოლეთ ლაპარაკი და საუბარში მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ხომ არ ან***ევო, მე ფხიზელი ვიყავი, ის მთვრალი. ვუთხარი, ზურა მე და შენ არ გვაქვს ისეთი ურთიერთობა, ერთმანეთს ასეთი სიტყვებით რომ ვესაუბროთ თქო. გააგრძელა შეურაცხყოფის მოყენება. მაქსიმალურად თავს ვარიდებდი.

ატყდა ხმაური, ჩამოვიდნენ მეზობლები, ფეხი მომიქნია და მთვრალი რომ იყო წაიქცა. ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ არც მიფიქრია ფიზიკურად შევხებოდი. ამ ყველაფერს ესწრებოდნენ მეზობლები. მეორე დღეს ჩავედი, ჩემი მეზობელია და დავუძახე.

ზუსტად ამ დროს სადარბაზოდან გამოვიდა მისი მეზობელი, რომელიც წინა საღამოსაც შეესწრო ამ ამბავს. რომ დავუძახე და ვუთხარი, გუშინ რაც მაკადრე გახსოვს თქო, მიპასუხა ისეთი მთვრალი ვიყავიო, არ მახსოვსო. გავუხსენე რაც მითხრა, არ მჭირდება თქო ეგეთი ურთიერთობა არავისთან მეთქი, კიდევ გააგრძელა ბილწსიტყვაობა, გამოვიდნენ მეზობლები, მეც მივაყენე სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომ აღარ გაჩერდა და მაგინებდა ხან დედის მიმართულებით და ხან რის.

მერე გავერიდე ამ სიტუაცია. არ ვიცოდი, დილითაც ყოფილა მთვრალი, რომ მცოდნოდა არ მივიდოდი. რომ გამოვერიდე, ჩემი მეზობლები იძახიან, მე არც მინახავს, ისეთი მთვრალი იყო, რომ გადავარდნილა სკამიდან და მიიღო ფიზიკური დაზიანება. როგორც აღმოჩნდა წავიდა პოლიციაში და მიჩივლა, ეს ადამიანი შსს-ს თანამშრომელი იყო და ორჯერ გამოაგდეს პოლიციიდან, ორივე შემთხვევაში ფიზიკური დაპირისპირების გამო.

პათოლოგიური სიმთვრალე აქვს. ამავდროულად ეს ადამიანი და მისი ოჯახის წევრები არიან ქართული ოცნების კოორდინატორები. მისი მშობლები ააიპებში არიან დასაქმებულები, ძმა პოლიციელია და პოლიტიკურად იყო აგრესიული და მაყენებდა შეურაცხყოფას.

ბრალდება აბსურდულია, რადგან ფაქტზე გამოკითხულია ყველა მეზობელი და ყველა ამბობს, რომ ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა და ეს ადამიანი იყო აგრესიული...

ბრალდებას პოლიტიკური სარჩული აქვს. კარად ვიცით, რომ რუსთავის საკრებულო არის ოპოზიციური და არაერთი მცდელობა ჰქონდათ მოსყიდვის, დაშინების აქამდე და ამ მხრივ რომ არაფერი გამოუვიდათ, ამ აბსურდით აპირებენ ერთობის დაშლას. მათთვის სამწუხაროდ, არაფერი გამოუვათ, რადგან ერთობა, რომელიც ოპოზიციას რუსთავში აქვს ვერაფერი დაშლის",- აცხადებს მორგოშია.