VIDEO: წამთვლიმა და „მამა მიშველეო!“, მითხრა... - სოსო რობაქიძის პირადი ტრაგედიის უცნობი დეტალები

ბუტა რობაქიძე

გადაცემა „სიცრუის“ დეტექტორის სტუმარი სოსო რობაქიძეა, რომელსაც შვილი 2004 წელს მოუკლეს.

ცხადია კითხვების ნაწილი ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმიდან გამომდინარეობს. როგორც ანონსიდან ჩანს, შვილმკვდარი მამის ეთერი ძალიან ემოციურია.

ცნობისთვის, ამირან (ბუტა) რობაქიძე 2004 წლის 23 ნოემბერს პოლიციის მიერ გასროლილი ტყვიით მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ის თანხმლებ პირებთან ერთად საპატრულო პოლიციამ გააჩერა და ავტომანქანის ჩხრეკა დაიწყო.

მეორე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის გადაცემა „პატრულში“ ნაჩვენები ვიდეოს თანახმად, რობაქიძე პოლიციელებმა მაშინ მოკლეს, როდესაც ისინი „ბანდიტების შეიარაღებული ჯგუფის“ დაკავებას ცდილობდნენ. გადაცემაში ნაჩვენები იყო „კალაშნიკოვის“ ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც, საგამოძიებო უწყების მტკიცებით, რობაქიძისა და მისი მეგობრების მანქანიდან ამოიღეს.

წინა ხელისუფლების პირობებში, საქმის განხილვა 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქმეზე ხელახალი გამოძიება 2013 წელს დაიწყო და ბრალდებულთა წრეც მაშინ გაფართოვდა.

2019 წლის 19 ნოემბერს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით ბრალი წარედგინათ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილსა და ყოფილ გენერალურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილს.

პროკურატურის ინფორმაციით, ოქრუაშვილმა შსს-ს მაღალჩინოსნებს დაავალა "გადაერჩინათ საპატრულო პოლიციის იმიჯი და აღნიშნული ფაქტისთვის მიეცათ შეიარაღებულ დაჯგუფების მიერ პოლიციელებზე თავდასხმის სახე".

უწყება ამტკიცებს, რომ ამის შემდეგ, პოლიციელებმა ბუტა რობაქიძის მანქანაში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩადეს.

რაც შეეხება ადეიშვილს, პროკურატურის ინფორმაციით, მის დავალებით გამოძიება არასწორი მიმართულებით წარიმართა, გაყალბდა მტკიცებულებები და გამყარდა შსს-ს მაღალჩინოსნების ვერსია.