VIDEO: „წადი და სხვა ადგილიდან გაფრინდი“ - აჭარაში სამი პირი პარაპლანების წართმევის მუქარით პირს თანხას სძალავდა

პოლიციამ დააკავა 3 პირი, რომლებიც ძალადობის გამოყენებით და პარაპლანების წართმევის მუქარით სხვას თანხას სძალავდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, მათ ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვაში ედებათ ბრალი. 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს 1988 წელს დაბადებულ ე.მ.-ს თანხას სძალავდნენ.

ე.მ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პარაპლანების გაქირავებით კომერციულ საქმიანობას ეწეოდა, ბრალდებულებმა ძალადობის გამოყენებით, ასევე, სიცოცხლის მოსპობისა და პარაპლანების წართმევის მუქარით მას მიღებული შემოსავლის გაყოფას სთხოვდნენ.

სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ფარული საგამოძიებო მოქმედებები, ასევე, კომპლექსური საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები ჩატარდა, რის შედეგადაც დადასტურდა დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ე.მ. -ის მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებები.

პოლიციამ სამივე პირი სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, აჭარაში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში. 

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.