ტყიბულში, სასამართლოზე ყალბი ფორმა 100 წარადგინეს? - პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო

სასამართლო

ტყიბულში, სასამართლოზე ყალბი ფორმა 100-ის წარდგენის გამო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. კერძოდ, ერთ-ერთ საქმეზე მოპასუხე და მისი წარმომადგენელი არ გამოცხადდა, შემდეგ კი ერთ-ერთი მხარის მტკიცებით, სასამართლოს ჯანმრთელობის შესახებ ყალბი ცნობა წარუდგინეს.

„პრაიმტაიმი“ დაუკავშირდა ექიმს, რომელმაც ცნობა დაწერა, თუმცა მან ჩვენთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. 

ჩვენ დავუკავშირდით ექიმის ადვოკატსაც, რომელიც გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, ექიმის წარმომადგენელი ცილისწამებაში ადანაშაულებს ადვოკატს, რომელმაც ყალბი ცნობის შესახებ განაცხადა.

„ეს ინფორმაცია ტყუილია. თუ პირმა გასცა დოკუმენტი, რომელიც უნდა იყოს ყალბი, ეს უნდა დაადგინოს სასამართლომ. მასე მეც ვიტყვი, რომ ვიღაცამ ყალბი ინფორმაცია გაავრცელა. ამ ადვოკატს კი არანაირი საფუძველი არ ჰქონდა იმის, რომ ეთქვა, დოკუმენტი ყალბი იყო თუ არა. აბა ვინ თქვა ყალბიაო? ვინც ეს თქვა, ამის სპეციალისტია? საერთოდ არ სჭირდება უმაღლესი განათლება იმას, ადამიანს შეამჩნიო სიცხე აქვს თუ მოწამლულია“, - ამბობს ექიმის წარმომადგენელი. 

„პრაიმტაიმი“ დაუკავშირდა იმ მხარის ადვოკატსაც, რომელმაც განაცხადა, რომ ფორმა 100 არ იყო იმ წესების დაცვით შესრულებული, როგორც ზოგადად კეთდება, ამიტომაც შეეპარა ეჭვი.

„მოწინააღმდეგე მხარემ წარადგინა სამედიცინო ფორმა 100. დოკუმენტზე წერია ექიმის სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, ექიმი არის ნევროლოგი, არ წერია კლინიკის სახელწოდება. ფორმა 100-ს არ აქვს კლინიკის შტამპი. დოკუმენტში ეწერა, რომ პიროვნება კლინიკაში სამმა ადამიანმა მიიყვანა, მას გული ერეოდა და ჰქონდა ვირუსიო. დანიშნულება კი იყო შემდეგი: სამი დღე დაისვენეო. ან, როგორ გასცა ნევროლოგმა მოწამლული პაციენტის შესახებ ცნობა?

მივხვდი რომ დოკუმენტი იყო ყალბი, დავურეკე ამ ექიმს და ვკითხე რის საფუძველზე გასცა ეს სამედიცინო დოკუმენტი, რომელსაც არც რეგისტრაცია აქვს, არც კლინიკის დასახელება. ექიმს ენა ჩაუვარდა, მთხოვა და რა მექნაო. დამიდასტურა, რომ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის თხოვნით შეავსო ფორმა 100. ვაპირებ მივმართო ჯანდაცვის გენინსპექციას და ქუთაისის პროკურატურას“,- ამბობს ადვოკატი ჩვენთან საუბრისას.