ცნობილია, თსუ-ს ბუღალტრის ვინაობა, რომელსაც 165 000 ლარის მითვისება ედება ბრალად

ბუღალტერი

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით თსუ-ს ბუღალტერი მაკა ფოფხაძე და მის თანამზრახველობაში ეჭვმიტანილი ს. ს. დააკავა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილ ბუღალტერს და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ მიიღო. ბრალდებულის მაკა ფოფხაძის ადვოკატი 10 000-ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა სასამართლომ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირმა „თიბისი ბანკი” შეცდომაში შეიყვანა, თითქოს, უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა, რის შედეგადაც უკანონოდ მიიღო 105000 ლარის კრედიტი“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დაკავებულებს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების, მითვისებაში დახმარების და კრედიტის უკანონოდ მიღების მუხლებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.