თელავში მოკლული მამაკაცის ოჯახი მკვლელისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვს

პოლიცია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მოკლული მამაკაცის ოჯახი, ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას ითხოვს და სასამართლოსგან სასჯელის უმაღლეს ზომას ელოდება.

გარდაცვლილი კახა მჭედლიშვილის ოჯახი ამბობს, რომ მკვლელის ოჯახის წევრებმა სოფელი უნდა დატოვონ.

„ჩემს ძმას აღარაფერი ეშველება, მაგრამ უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. წავიდნენ აქედან, ყვირიან ჩვენს გასაგონად და რა ვიცი, რას არ აკეთებენ. გამომძიებელთან მქონდა კონტაქტი და იმან გამაგებინა, რომ დაიჭირეს. უმაღლესი ზომა, ეს არის, რასაც ველოდებით“,- განაცხადა მოკლულის დამ, მაია მჭედლიშვილმა.

მკვლელობისათვის ძებნილი 50 წლის მამაკაცი, პოლიციამ ბრალდებულის სახით, რუსთავში დააკავა. ბრალდებული წარსულში, სხვადასხვა დანაშაულებისთვის არის ნასამართლევი.

გამოძიების მასალების თანახმად, მამაკაცმა 2022 წლის 21 მაისს,. თოფით მოკლა ერთი და დაჭრა სამი ადამიანი, მათ შორის, საკუთარი შვილიც.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109- ე მუხლებით მიმდინარეობს.

ბრალდებულს ბრალი დაუსწრებლად აქვს წაყენებული და მის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაც, დაუსწრებლად არის გამოყენებული.