თეატრალიზებული ძარცვა, რომელსაც ანალოგი არ აქვს

mkvleloba

ფოტოზე: გატაცებული ვოლოდიმირ მირკინი

საბჭოთა კავშირს ბევრი კრიმინალური დაჯგუფება ახსოვს, თუმცა თავისი სისასტიკით და განსხვავებული ხელწერით გამოირჩეოდა ე.წ. „მონღოლის ბანდა“, რომელიც შიშის ზარს სცემდა მოსკოვისა და პეტერბურგის მიწიქვეშა საქმოსნებს.

ამ ბანდას გენადი კარკოვი ედგა სათავეში. მას კრიმინალურ წრეებში „მონღოლის“ მეტსახელით იცნობდნენ და სხვაგვარად რუსული რეკეტის ბაბუადაც მოიხსენიებდნენ.

„მონღოლის“ და მისი დაჯგუფების სახელს საბჭოთა კავშირში არაერთი გახმაურებული კრიმინალური თავდასხმა უკავშირდება, თუმცა ახლა მხოლოდ ერთ ისტორიას მოგიყვებით, რომელსაც, შეიძლება ითქვას, რომ ანალოგი არ მოეპოვება.

საუბარია კარგად დაგეგმილ და თეატრალიზებული ძარცვაზე…

70-80-იან წლებში მოსკოვში ცნობილი ანტიკვარიატის დილერს, ვინმე ვოლოდიმირ მირკინს „მონღოლმა“ პირადად მიაკითხა და უპატიოსნოდ ნაშოვნი ქონების გაყოფა შესთავაზა. ადრესატმა გენადი კარკოვი მკაცრი უარით გამოისტურმა და უფრო მეტიც, დასცინა კიდეც, თუმცა უკვე მეორე დღეს მირკინს ნამდვილად აღარ ეცინებოდა…

მისთვის საბედისწერო დილას ანტიკვარიატის დილერი ტრადიციულად სამსახურში მიდიოდა, როდესაც მის კუთვნილ „ვოლგას“ გზა სატვირთო ავტომობილმა გადაუღობა.

აღშფოთებული მირკინი მანქანიდან გადმოხტა და „ტრაილერში“ მყოფებს ყვირილი დაუწყო, მაგრამ ორმა მამაკაცმა ხელები უკან გადაუგრიხა და ოსტატურად შეაგდეს სატვირთოში, სადაც ცარიელი კუბო იყო გამზადებული. ის ძალის გამოყენებით კუბოში ჩააწვინეს და ლურსმნები დააჭედეს. გამტაცებლებმა სატვირთოს მძღოლს ნიშანი მისცეს, რომ წასულიყო.

მირკინმა არ იცოდა, სად მიჰყავდათ ის. გატაცებული მდუმარებით პასუხობდა მძარცველების კითხვას, თუ სად იყო სეიფი.

მოულოდნელად სატვირთო საგზაო პოლიციის თანამშრომელმა გააჩერა, რომელმაც კუბოს გახსნა მოითხოვა.

გაისმა გასროლის ხმაც… კუბოში მწოლიარე მირკინი პანიკაში ჩავარდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გამტაცებლებმა გადაწყვიტეს, რომ გარდაცვლილი პოლიციელი კუბოში მასთან ერთად ჩაეწვინათ და კუბო მდინარეში გადაეგდოთ…

მხოლოდ ამის შემდეგ ანტიკვარიატის დილერი დათანხმდა მძარცველების შეთავაზებას. მან დაიწყო ყვირილი, რომ ყველა მოთხოვნას შეასრულებდა.

როდესაც კუბო გახსნეს, მირკინმა ამოიღო სეიფის გასაღები და გამტაცებლებს სეიფის კონკრეტული ადგილმდებარეობაც მიუთითა, თუმცა…

გატაცებულის გაოგნებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა კუბოს გვერდით დაგდებული „მკვადრი“ პოლიციელი წამოდგა და სიცილი დაიწყო.

ის საბჭოთა კავშირში აღიარებული „კანონიერი ქურდი“ ვიაჩესლავ ივანკოვი, იგივე „იაპონჩიკი“ აღმოჩნდა, რომელიც „მონღოლის ბანდის“ მთავარ მოკავშირედ და ლობისტად ითვლებოდა.

გაირკვა, რომ ანტიკავრიატის დილერის გამოსატეხად, მათ უბრალოდ გაითამაშეს სპექტაკლი, სადაც პოლიციელის როლი პირადად „იაპონჩიკმა“ მოირგო.

მეორე დღეს გატაცებულს საკუთარ დასთან დააწერინეს წერილი, სადაც გამოსასყიდის სახით 20 000 მანეთი მოითხოვეს. მაშინ ეს დიდი ფული იყო. საბოლოოდ მირკინის დამ დაჯგუფებას 10 000 მანეთი გადასცა. გამოსასყიდის მისაღებად პირადად „მონღოლი“ მივიდა. ამასთან, ბანდის წევრებმა მირკინის სახლიდანაც წაიღეს სოლიდური თანხა და სხვადასვა სახის ნივთები, გატაცებული გაათავისუფლეს და ურჩიეს, მომხდარის შესახებ ხმა არ ამოეღო.