სროლა საქორწილო ესკორტის ავტომობილებიდან - პოლიციამ სამი პირი დააჯარიმა

მანქანა

მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს მარნეულის მუნიციპალიტეტში სადღესასწაულო კორტეჟის გადაადგილების და ჰაერში იარაღიდან სროლის ამსახველი კადრები.

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო, დაადგინა ფიგურანტები და მათ იარაღიც ჩამოართვა. ამის შესახებ კი შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაშია საუბარი.

„გავრცელებული ვიდეოკადრები, აღნიშნული მედიასაშუალების ჟურნალისტმა სამართალდამცველებს მიაწოდა. სამართალდამცველებმა შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყეს ფაქტის შესწავლა. პოლიციის მიერ ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, უმოკლეს დროში მოხდა სამართალდამრღვევი პირების დადგენა და მათი დაჯარიმება.

კერძოდ: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით (საავარიო სიტუაციის შექმნა) დაჯარიმდა კადრებში ასახული ავტომობილის მძღოლი, ხოლო ამავე კოდექსის 181-3 მუხლის მიხედვით (გაზის აირის ან აკუსტიკური იარაღის ტარების წესების დარღვევა) დაჯარიმდა 2 პირი. პოლიციამ სამართალდამრღვევი პირებისგან ორი ხმოვანი პისტოლეტი ამოიღო“,- ნათქვამია განცხადებაში.