სოსო გოგაშვილის შვილი გამოკითხვაზე იმყოფება

სოსო გოგაშვილის შვილი

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილი გამოკითხვაზე იმყოფება.

ნიკა გოგაშვილის განცხადებით, ის გამომძიებლებს ინფორმაციას რუსთავის ციხეში გამართული შეხვედრის დეტალებზე მიაწვდის.

ცნობისთვის, 18 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

გოგაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

სუს-ის ინფორმაციით, გოგაშვილის საქმეზე, მისი პირადი და ოჯახის წევრების კუთვნილი 8 სახლი და 4 მანქანა გაჩხრიკეს - ამოღებულია იარაღი, ტექნიკა და სახელმწიფო საიდუმლოებისა და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტები.

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლო სხდომა დახურულად წარიმართება.