სოსო გოგაშვილის დაცვის წარმომადგენელს, ალექსანდრე სამხარაძეს ბრალდება წარუდგინეს

ალექსანდრე სამხარაძე

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაცვის წარმომადგენელს ალექსანდრე სამხარაძეს საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის მუხლით ბრალდება წარუდგინეს.

მისი უფლებადამცველის, რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით, საქმე ეხება მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ვაზნებს.

„ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს, რაც საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას გულისხმობს. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იყო, საშტატო იარაღი ჰქონდა. როდესაც თანამდებობა დატოვა, იარაღი ჩააბარა, ხოლო ტყვიების ჩაბარება დაავიწყდა და ამან მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა გამოიწვია. 16 ივნისს, როდესაც მისი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს, ეს ტყვიები აღმოაჩინეს და ბრალი დღეს წაუყენეს,“ - განაცხადა რამაზ ჩინჩალაძემ.

ადვოკატის თქმით, ალექსანდრე სამხარაძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლო სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს. ის სასამართლოზე ალექსანდრე სამხარაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს.