სოსო გოგაშვილი უარს ამბობს სასამართლო პროცესებს დაესწროს

soso gogashvili

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ  განცხადებას ავრცელებს საიდანაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს გიორგი გელაშვილს მიმართავს, სადაც  წერს, რომ არ აპირებს  მონაწილეობა მიიღოს სასამართლო სხდომაზე, რადგან თვლის, რომ  მისი გადაადგილება რუსთავის ციხიდან სასამართლო დარბაზამდე, მისი სიცოცხლისა და უსაფრთხოებისთვის დიდ რისკებს შეიცავს.

ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლეს გიორგი გელაშვილს

უკანონო პატიმრის იოსებ გოგაშვილი განცხადება.

​მე ვარ უკანონოდ დაკავებული ბიძინა ივანიშვილის მითითებების გამო. ჩემი საქმე მთლიანად აგებულია ყალბ და ფალსიფიცირებულ ,,მტკიცებულებებზე’’, რომელიც 16 ივლისის ღამეს შემოიტანეს და ჩადეს ჩემს საცხოვრებელ სახლში ქ.თბილისი ავთო ვარაზის 91-ში. ჩემი დაკავებაც განხორციელდა უკანონოდ და ძალადობრივად, ასევე იძალადეს ჩემი ოჯახის წევრებზეც. სასამართლომ არ გაითვალისწინა არცერთი ჩვენს მიერ მოყვანილი ფაქტი და აღკვეთიც კი არ შეცვალა. მე არ ვაპირებ მივიღო მონაწილეობა ამ დადგმულ მასკარადში, რომელიც წოდებულია, როგორც სასამართლო, ხოლო იმართება და ხელმძღვანელობს ივანიშვილის დირექტივების მიხედვით. ამაზე მე მაქვს საკმაოზე მეტი მტკიცებულებები, რასაც უახლოეს დღეებში გავასაჯაროვებ.

ასევე ჩემი გადაადგილება რუსთავის ციხიდან სასამართლომდე შეიცავს სიცოცხლისთვის და უსაფრთხოებისთვის დიდ რისკებს, აქედან გამომდინარე უარს ვაცხადებ დავესწრო სასამართლო პროცესებს.

უკანონო პატიმარი, იოსებ გოგაშვილი 1.09.2022 წ. " - წერს გოგაშვილი