შოთაძე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ საქმის განხილვაზე: ეს გამარჯვებაა თუ დამარცხება, ამაზე საუბარი ნაადრევია - დაცვა თუ ამას გამარჯვებად მიიჩნევს, ძალიან საოცარია

ირაკლი შოთაძე

„შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის სტრასბურგის სასამართლოს ხანგრძლივი სამართალწარმოების ერთ-ერთი ეტაპი. რაც შეეხება ეს გამარჯვებაა თუ დამარცხება, ამაზე საუბარი ნაადრევია, შემიძლია გითხრათ. დაცვა თუ ამას გამარჯვებად მიიჩნევს, ძალიან საოცარია“, - ასე ეხმაურება საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე სარჩელის - „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" წარმოებაში მიღებას.

მისივე თქმით, ბრალდებულ და მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ყველა უფლებაა დაცულია, მათ შორის, დაცვის უფლებაც. ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ საქმის არსებით განხილვაზე სახელმწიფო სერიოზული მტკიცებულებებით და არგუმენტებით წარდგება.

„ალბათ, დაცვის მხარე გამარჯვებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სტრასბურგს 6 თვის ნაცვლად, თვენახევრის დაგვიანებით მიმართეს, პანდემიის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლომ ეს საპატიოდ ჩათვალა და დასაშვებად ცნო სარჩელი. ალბათ, მათთვის ეს არის გამარჯვება, რომ ეს შეცდომა ეპატიათ. მეტი მათი გამარჯვების არანაირი ნიშანწყალი ჯერჯერობით არ არსებობს. პროცესი გრძელდება, წინ არის ამ პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპი, არსებითი განხილვა და სახელმწიფო ამ პროცესზე ძალიან სერიოზული მტკიცებულებებით და არგუმენტებით არის წარდგენილი", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

სტრასბურგის სასამართლოში საქმე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ განხილვის არსებით ეტაპზე გადადის.